დავით ზალკალიანი - საქართველო არის თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკაში, ვდგავართ უკრაინელი დებისა და ძმების გვერდით, ეს არის საქართველოს მთავრობის პოზიცია და ვმოქმედებთ პრემიერის დავალებით
დავით ზალკალიანი - საქართველო არის თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკაში, ვდგავართ უკრაინელი დებისა და ძმების გვერდით, ეს არის საქართველოს მთავრობის პოზიცია და ვმოქმედებთ პრემიერის დავალებით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ გადადგა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ საერთაშორისო კონსოლიდაციის უზრუნველსაყოფად.

ზალკალიანის თქმით, საქართველო არის თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკაში, დგას უკრაინელი დებისა და ძმების გვერდით, ეს არის საქართველოს მთავრობის პოზიცია და მოქმედებენ პრემიერის დავალებით.

„ჩვენ გუშინ გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფარგლებში დავასპონსორეთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარდგენილი რეზოლუცია, მიუხედავად იმისა, რომ მას რუსეთმა ვეტო დაადო; ჩვენთვის აუცილებელი იყო და კიდევ ერთი ხაზგასმა იყო საქართველოს სრული თანადგომის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ უკრაინის მხარდაჭერის კონტექსტში.

გარდა ამისა, საქართველოს დელეგაციამ, ჩვენმა მისიამ ევროპის საბჭოში გუშინ მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის წევრობის პროცედურის შეწყვეტას და ვიყავით სრულ თანხვედრაში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ეს იყო კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი პოზიციის. გარდა ამისა, აქტიურად ვმონაწილეობთ ყველა საერთაშორისო ფორუმში და ყველა მინისტერიალში, რომელიც საგანგებოდ იმართება ამ დღეების განმავლობაში და გუშინწინ ასევე მე მივიღე მონაწილეობა ეუთოში საგანგებო მინისტერიალში, რომელიც იყო მოწვეული უკრაინის ხელისუფლების ინიციატივით და მხარდაჭერილ იქნა ეუთო-ს უმრავლესობა წევრი ქვეყნების მხრიდან და კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ დავადასტურე საქართველოს ხელისუფლების და მთლიანად ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მიუღებლობა იმ აგრესიული პოლიტიკის, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს და რაც თავდაყირა აყენებს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა და ჩვენ ასევე შევუერთდით ევროკავშირის ერთიან განცხადებას უკრაინაში მიმდინარე აგრესიასთან დაკავშირებით. ყველა ეს ნაბიჯი, რომელიც მე ჩამოვთვალე, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არის თანმიმდევრული თავის საგარეო პოლიტიკაში, ჩვენ ვართ ერთგული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ჩვენ ვდგავართ ჩვენი უკრაინელი დებისა და ძმების გვერდით ამ მეტად კრიზისულ და კრიტიკულ სიტუაციაში, რადგანაც ძალიან კარგად გვესმის თავისუფლების ფასი, გვესმის, თუ რას ნიშნავს აგრესია, თუ რას ნიშნავს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა; ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც საკუთარ თავზე გამოვცადეთ ეს და რა თქმა უნდა, ჩვენი მოწოდება საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ არის ის, რომ ერთიანობით დავადასტუროთ ის, რომ მიუღებელია 21-ე საუკუნეში იყოს საუბარი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზე. მინდა, ასევე გითხრათ, რომ ეს არ არის ჩემი პოზიცია, საგარეო საქმეთა სამინისტროს და მინისტრის პოზიცია, ეს არის საქართველოს მთავრობის პოზიცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ვმოქმედებთ ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში და ყველა ეს პოზიცია გამოხატავს საქართველოს მთავრობის პოზიციას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.