დავით ზალკალიანი - რუმინეთის, პოლონეთისა და თურქეთისგან მივიღეთ დაპირება, რომ ყველა ფორუმზე გაატარებენ ჩვენს ინტერესებს, რათა საქართველო ღირსეულად იყოს წარმოდგენილი ყველა საერთაშორისო ფორმატში
დავით ზალკალიანი - რუმინეთის, პოლონეთისა და თურქეთისგან მივიღეთ დაპირება, რომ ყველა ფორუმზე გაატარებენ ჩვენს ინტერესებს, რათა საქართველო ღირსეულად იყოს წარმოდგენილი ყველა საერთაშორისო ფორმატში

რუმინეთის, პოლონეთისა და თურქეთისგან მივიღეთ დაპირება, რომ ყველა ფორუმზე გაატარებენ ჩვენს ინტერესებს, რათა საქართველო ღირსეულად იყოს წარმოდგენილი ყველა საერთაშორისო ფორმატში, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუქარესტში გამართული რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის მინისტერიალი შეაფასა.

„ვიზიტი იყო უაღრესად წარმატებული, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ პირველად მიიღო ამ სამმხრივ ფორმატში მონაწილეობა. ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენეთ ვიზიტი იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორებისთვის დეტალურად მიგვეწოდებინა ჩვენი ხედვა რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომელიც მოდის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ახალი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით. ასევე, ჩვენს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიღებული დეკლარაციის ტექსტში ასახული არის ყველა ის პრიორიტეტული მიმართულება, რაც ჩვენს ინტერესებშია. კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა არის ხაზგასმული. ეს წელს უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგანაც სულ მალე ჩატარდება ნატო-ს სამიტი და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პროგრესი იყოს შესაბამისად ასახული ნატო-ს მიერ მიღებულ დოკუმენტებსა და დეკლარაციაში.

გარდა ამისა, საუბარი იყო ასევე ევროპული ინტეგრაციის კუთხით არსებულ პერსპექტივებზე. წელს იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, გვაქვს ამ ქვეყნების ძალიან მყარი მხარდაჭერა იმასთან მიმართებაში, რომ საქართველოს მიმართ იყოს დიფერენცირებული მიდგომა. ქვეყანა, რომელიც ამჟღავნებს პროგრესს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, იმსახურებს მეტ კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დისკუსია ძალიან წაგვადგება, როგორც ევროპული, ისე ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით. სამივე ქვეყანა დაგვპირდა, რომ ყველა ფორუმზე მაქსიმალურად გაატარებენ ჩვენს ინტერესებს, რათა საქართველო იყოს ღირსეულად წარმოდგენილი ყველა საერთაშორისო ფორმატში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.