დავით ზალკალიანი - ქართველი სამხედროები იცავდნენ საკუთარ ტერიტორიას და მათი პასუხისმგებლობის საკითხზე სპეკულაცია კატეგორიულად მიუღებელია
დავით ზალკალიანი - ქართველი სამხედროები იცავდნენ საკუთარ ტერიტორიას და მათი პასუხისმგებლობის საკითხზე სპეკულაცია კატეგორიულად მიუღებელია

როგორ შეიძლება დადგეს ქართველი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც საკუთარ ტერიტორიას იცავდნენ, ჩვენი მოლოდინია, რომ დადგება რუსი მაღალჩინოსნებისა და რუსეთის მხრიდან ბრძანების გამცემი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, – ამის შესახებ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჰააგაში მიმდინარე გამოძიების შესახებ ჟურნალისტების კითხვაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე ნებისმიერი ტიპის სპეკულაცია კატეგორიულად მიუღებელია.

„სხვა მოლოდინი არც შეიძლება საქართველოს მხარეს ჰქონდეს, გარდა იმისა, რომ დადგეს სწორედ რუსი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი. ქართველი სამხედროები იცავდნენ საკუთარ ტერიტორიას. აქედან გამომდინარე, მათი პასუხისმგებლობის საკითხზე ნებისმიერი სპეკულაცია არის კატეგორიულად მიუღებელი. პროცესი მიყავს იუსტიციის სამინისტროს და ვეხმარებით ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან თანამშრომლობის კუთხით“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, ასევე, საგარეო უწყებამ და იუსტიციის სამინისტრომ გაერო-ს წევრ ქვეყნებს წარუდგინეს ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება.

„გაერო-ს ყველა წევრი ქვეყანა არის ინფორმირებული ამასთან დაკავშირებით. თავად პროკურორი ფატუ ბენსუდა აღნიშნავს ძალიან ეფექტიან თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან.

რაც შეეხება სპეკულაციებს, რომელსაც ვისმენთ მთელი ამ დღეების განმავლობაში, მინდა, ყველას მოვუწოდო, ნუ იყენებენ ამას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის, რადგან ეს არის სახელმწიფოებრივად უაღრესად მნიშვნელოვანი საქმე. სახელმწიფოს ინტერესებს ეხება და ძალიან რთული იურიდიული პროცედურებია“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ჰააგის სასამართლოსთვის საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების მხრიდან ათასობით დოკუმენტი და ვიდეომტკიცებულებაა მიწოდებული.