დავით ზალკალიანი - ნატო-ს უნიკალურობა იმაშია, რომ გაფართოების გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებლად და არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ჩაერიოს გაფართოების პოლიტიკაში
დავით ზალკალიანი - ნატო-ს უნიკალურობა იმაშია, რომ გაფართოების გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებლად და არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ჩაერიოს გაფართოების პოლიტიკაში

ნატო-ს უნიკალურობა იმაშია, რომ გაფართოების გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებლად და არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ჩაერიოს გაფართოების პოლიტიკაში, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ „რუსეთს სჭირდება იურიდიული გარანტიები, რომლებიც გამორიცხავს ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას“.

„ნატო-ს უნიკალურობა იმაშია, რომ ნატო გადაწყვეტილებას გაფართოებასთან დაკავშირებით იღებს დამოუკიდებლად და არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ჩაერიოს გაფართოების პოლიტიკაში. პირდაპირ ვაშინგტონის ხელშეკრულების მეათე პუნქტში ძალიან მკაფიო ჩანაწერი არსებობს ამასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი ევროპული დემოკრატიის ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს ალიანსთან მიერთების საკითხი. ეს არის სუვერენული უფლება ქვეყნის და ასევე, ნატო-ს გადასაწყვეტია, თუ ვინ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რა კრიტერიუმებიც არის დაკავშირებული ნატო-ში გაწევრიანებასთან მიმართებაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, შეკითხვაზე, ასეთი ტიპის განცხადებები იქნება თუ არა ხელისშემშლელი ფაქტორი, ზალკალიანმა აღნიშნა: „ვფიქრობ, მთავარია, ნატო-ს ქვეყნების მხრიდან იყოს გამოვლენილი ერთიანობა და მკაფიო პოზიცია და ისინი იყვნენ ერთიანი გადაწყვეტილებებში. რადგანაც ერთადერთი სწორი პასუხი ამ შემთხვევაში იქნება მყარად დგომა იმ პრინციპებზე და საფუძვლებზე, რაზეც არის დაფუძნებული ეს ორგანიზაცია“.