დავით ზალკალიანი - მოწონებულია ის კონცეფცია, რომელიც 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე წარვადგინეთ
დავით ზალკალიანი - მოწონებულია ის კონცეფცია, რომელიც 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე წარვადგინეთ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, შეხვედრა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას აქვს ამბიციური გეგმა, 2024 წელს გააკეთოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული განაცხადი.

მინისტრის თქმით, კომისია სამ თვეში ერთხელ შეიკრიბება.

„დღევანდელ კომისიაზე დეტალურად განვიხილეთ ყველა ძირითადი საკითხი, რაც არის დაკავშირებული მზადებასთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოწონებულია ის კონცეფცია, რომელიც წარვადგინეთ 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად, გასატარებელ ღონისძიებათა კონცეფცია, რომელიც მოიცავს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც არის გადასადგმელი 2024 წლამდე ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მხრიდან, ასევე პარლაემენტის ჩართულობით და სამოქალაქო საზოგადობის აქტიური მონაწილეობით.

ეს კონცეფცია წარმოვადგინეთ, ვიმუშავეთ ყველა შესაბამის სტრუქტურასთან ერთად. დოკუმენტი შედგება როგორც ნარატივული ნაწილისგან, ასევე მოიცავს მატრიცის სახით კონკრეტული ღონისძიებების ჩამონათვალს, სადაც არის დეტალურად გაწერილი, როგორც ქვეყნის რეფორმირების კუთხით გასატარებელი ღონისძიებები, ასევე საგარეო მიმართულებით და სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობები. მნიშვნელოვანია, რომ კონცეფციის დოკუმენტში გაწერილია კონკრეტული ღონისძიებები და აქტივობები ძირითადი მიმართულებით და მთავარი აქცენტი არის გაკეთებული ასოცირების შეთანხმების ეფექტიან განხორციელებაზე. ასევე, რეფორმების განხორციელების დინამიკის შენარჩუნებაზე და ამ კუთხით კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერებაზე, მათ შორის, არსებული მექანიზმის გაძლიერებაზე და ანგარიშვალდებულებების გაზრდაზე“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ზალკალიანის თქმით, ასოცირების შეთანხმება და მისი იმპლემენტაცია არის მთავარი ხერხემალი, რასაც დაეფუძნება მათი ყოველდღიური საქმიანობა.

„იქნება ჩამოყალიბებული შესაბამისი სამუშაო ჯგუფები, სამუშაო ჯგუფებში შევა ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მოახდენს მონიტორინგს და ასევე ანალიზს იმისა, რა მიმართულებით გვაქვს ჩამორჩენა, სად არის მეტი აქცენტის გაკეთება საჭირო და რა მიმართულებით კიდევ უფრო დასახვეწი საქმიანობა და შევთანხმდით ასევე, რომ პრემიერ-მინისტრი უშუალოდ, პირადად გაუწევს მონიტორინგს ამ პროცესს. კომისია უფრო მეტი სიხშირით შეიკრიბება, ეს იქნება სამ თვეში ერთხელ. ხოლო ამ პერიოდის განმავლობაში უკვე სამუშაო ჯგუფების ფორმატში მოხდება სამუშაოს წარმართვა. ასევე, ამ კონკრეტული გეგმის მიხედვით, მოიაზრება ის რომ ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების დინამიური ბაზის ფორმირება მოხდეს, რაც შესაძლებელს გახდის, დავინახოთ ერთიანი სურათი, თუ როგორ ხორციელდება ვალდებულების, როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი შესრულება. ყურადღება ექცევა ასევე პარლამენტსა და მთავრობას შორის ერთობლივი კოორდინაციის მექანიზმების გაძლიერებას და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას“, – აცხადებს დავით ზალკალიანი.