დავით ზალკალიანი - მოხარული ვარ საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლად საქართველოს მეგობრის, ჟოზეფ ბორელის შერჩევის გამო
დავით ზალკალიანი - მოხარული ვარ საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლად საქართველოს მეგობრის, ჟოზეფ ბორელის შერჩევის გამო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე ჟოზეფ ბორელის შერჩევას ეხმაურება.

„მოხარული ვარ საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე საქართველოს მეგობრის და ჩემი კოლეგის ჟოზეფ ბორელის შერჩევის გამო.

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრად მოღვაწეობის პერიოდში ჩვენ ხშირად გვქონია შეხვედრის და აზრთა გაცვლის შესაძლებლობა.

მისი ფასეულობების, გლობალურ საკითხებზე შეხედულებებისა და დიდი დიპლომატიური გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროკავშირის უმთავრესი მიზნების და ამოცანების განხორციელებაში, რაც უკავშირდება ევროპის კონტინენტზე და მსოფლიოში მშვიდობას, კეთილდღეობას და განვითარებას.

საქართველო ბოლო პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად დაუახლოვდა ევროკავშირს, ბატონი ბორელი არის ჩვენი ევროპული არჩევანის და მისწრაფებების მხარდამჭერი და მე დარწმუნებული ვარ, რომ უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციაზე მისი მოღვაწეობის პერიოდში, ერთობლივი ძალისხმევით, კიდევ უფრო დიდ წარმატებას მივაღწევთ ევროკავშირში ინტეგრაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე“, – აღნიშნულია დავით ზალკალიანის განცხადებაში, რომელსაც ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.