დავით ზალკალიანი - მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ პირველად დევნილთა სტატუსზე გაერო-ს რეზოლუცია საქართველოსთან ერთად 44-მა წევრმა ქვეყანამ დაასპონსორა
დავით ზალკალიანი - მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ პირველად დევნილთა სტატუსზე გაერო-ს რეზოლუცია საქართველოსთან ერთად 44-მა წევრმა ქვეყანამ დაასპონსორა

ამიერიდან 45 წევრი ქვეყანა იძენს რეზოლუციას, როგორც საკუთარს და ამით დამატებითი მნიშვნელობა და წონა ენიჭება, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა სტატუსზე გაერო-ში მიღებული რეზოლუციის შესახებ.

„მინდა, საზოგადოებას ვაცნობო ქართული დიპლომატიის კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებაზე – გუშინ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს მხრიდან კიდევ ერთხელ იყო ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ“. ეს არის რეზოლუცია, რომელსაც ჩვენ ყოველწლიურად წარვადგენთ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში და წელსაც რეზოლუციამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვა.

პირველესად, მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ რეზოლუციას. ასევე, მადლობა ჩვენი დიპლომატიური სამსახურისა და კორპუსის მიმართ, რომლებმაც მართლაც ბევრი იმუშავეს იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და მხარდაჭერა მომხდარიყო. ასევე, მადლობა იმ პარტნიორ ქვეყნებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში იყვნენ ჩართულნი ამ მხარდაჭერის მობილიზაციის თვალსაზრისით“, – აცხადებს ზალკალიანი.

მისი თქმით, წელს მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ პირველად საქართველოსთან ერთად რეზოლუცია 44-მა წევრმა ქვეყანამ დაასპონსორა.

„ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან 45 წევრი ქვეყანა იძენს ამ რეზოლუციას, როგორც საკუთარს და ამით ამ რეზოლუციას დამატებითი მნიშვნელობა და წონა ენიჭება.

რეზოლუცია თავისი შინაარსითაც უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგანაც ხაზს უსვამს ისეთი ფუნდამენტური უფლების განხორციელებას, როგორიც არის საერთაშორისო სამართლის ისეთი პრინციპის, როგორიც არის იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლება საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნდნენ და ასევე, ჰქონდეთ წვდომა საკუთრებაზე, რომლებიც მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვთ.

ასევე აღნიშნულია, რომ მიუღებელია ძალადობრივი გზით დემოგრაფიული ცვლილებების განხორციელება და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არის მოწოდება ჟენევის მოლაპარაკებების წარმომადგენლებზე, რომ მუშაობა გააქტიურონ მუშაობა ამ ჰუმანიტარული პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით. უნდა აღინიშნოს ასევე, რომ ამ რეზოლუციას გარდა იმისა, რომ აქვს უაღრესად დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა პრაქტიკული თვალსაზრისითაც არის ძალიან მნიშვნელოვანია. რადგანაც ის ავალდებულებს გაერო-ს გენერალურ მდივანს, ყოველწლიურად წარმოადგინოს ანგარიში და ამ ანგარიშში განსაზღვრულია ის პრაქტიკული ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას გაერო-ს ინსტიტუტების მხრიდან იმისთვის, რომ ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირს შეუმსუბუქდეს მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, გრძელდება მუშაობა, რათა საქართველოს საკითხი იყოს მუდმივად საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში რაც შეიძლება მაღლა.

„ამის ნათელი დასტურია სწორედ ის რეზოლუცია, რომელიც წელს იყო მიღებული გაერო-ს გენერალური ანსამბლეის ფარგლებში. მინდა, საზოგადოებას შევახსენო, მარტში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი რეზოლუცია იყო მიღებული ჩვენთვის, უაღრესად პოზიტიური დინამიკით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო წელს არ გახლავთ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი ჩვენ მაინც მოვახერხეთ და საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან რეზოლუციას სერიოზული მხარდაჭერა ჰქონდა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დატოვე კომენტარი