დავით ზალკალიანი - მაქვს მოლოდინი, რომ ნატო-ს ლიდერთა შეხვედრის დეკლარაციაში საუბარი იქნება ღია კარის პოლიტიკაზე
დავით ზალკალიანი - მაქვს მოლოდინი, რომ ნატო-ს ლიდერთა შეხვედრის დეკლარაციაში საუბარი იქნება ღია კარის პოლიტიკაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს მოლოდინი აქვს, რომ ნატო-ს ლიდერთა შეხვედრის დეკლარაციაში საუბარი იქნება ღია კარის პოლიტიკაზე. ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ლონდონში, ნატო-ს ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

„ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ეს არ არის ფორმალური სამიტი, ეს არის ლიდერების არაფორმალური შეხვედრა, უფრო ცერემონიალური ხასიათის, რომელიც 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება. აქედან გამომდინარე, დეკლარაცია, რომელიც შედეგად იქნება მიღებული, არ იქნება ვრცელი, ყოვლისმომცველი, როგორც სამიტების დროს ხდება ხოლმე. იქნება ძალიან მოკლე დეკლარაცია, ნატო-ს ლიდერების განცხადება. ვფიქრობ, აქცენტები გაკეთებული იქნება იმ საფრთხეებზე, რა საფრთხეებიც არის დღეს ნატო-სთვის აქტუალური. მე ასევე მაქვს მოლოდინი, რომ საუბარი იქნება ღია კარის პოლიტიკაზე.

ვფიქრობ, რომ თავად ის ფაქტი, რომ ჩვენ აქ ვართ, როგორც პარტნიორი ქვეყანა, ეს არის კიდევ იმის ხაზგასმა ნატო-ს მხრიდან, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ისინი საქართველოსთან ურთიერთობას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.