დავით ზალკალიანი - მადლობა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელმაც უპრეცედენტო ყურადღება და სიმტკიცე გამოიჩინა უკანონოდ დაკავებული ექიმის გათავისუფლების საკითხზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ უპრეცედენტო ყურადღება და სიმტკიცე გამოიჩინა უკანონოდ დაკავებული ექიმის გათავისუფლების საკითხზე.
„საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევამ და დაუღალავმა მუშაობამ შედეგი გამოიღო – დღეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია, ის თავის ოჯახთან და ახლობლებთან ერთად შეხვდება ახალ წელს!
მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებმაც უპრეცედენტო ყურადღება და სიმტკიცე გამოიჩინეს უკანონოდ დაკავებული ექიმის გათავისუფლების საკითხზე.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მსგავსი დაუღალავი ძალისხმევით, დიპლომატიითა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მშვიდობიანი გზით გადავჭრით იმ ჰუმანიტარულ პრობლემებს, რასაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა აწყდება!“ – აღნიშნულია დავით ზალკალიანის განცხადებაში.