დავით ზალკალიანი კელი დეგნანს შეხვდა
დავით ზალკალიანი კელი დეგნანს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ კელი დეგნანს შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენები და ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის შეფერხების მიმართულებით განხორცილებული ქმედებები და აგრესიული რიტორიკა.

„ხაზი გაესვა, რომ მიუღებელია ნებისმიერი მესამე მხარის მიერ ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების რევიზიასთან დაკავშირებული განცხადებები და ამ პროცესზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. ასევე აღინიშნა, რომ დღეისთვის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია, ანექსია და ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან კიდევ ერთხელ იქნა დადასტურებული, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის ურყევ ნებას და ქართული მხარე გააგრძელებს ყველა არსებული ფორმატების მაქსიმალურად გამოყენებას ამ პროცესის დაჩქარების მიზნით. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს მთავრობას საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსის მხარდაჭერისთვის და ამ პროცესში გაწეული პრაქტიკული და პოლიტიკური დახმარებისთვის.

შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გახშირებული აგრესიული რიტორიკის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოზიციების მუდმივი კოორდინაცია და შეთანხმებული ნაბიჯების გადადგმა“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული დაძაბულობის ფონზე.

„ვაფასებ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შესაძლებლობას. ჩვენს შორის მჭიდრო კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ახლა, რეგიონში არსებული დაძაბულობის ფონზე.

ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო განაგრძობენ რეგიონში მიმდინარე მოვლენების განხილვას და იმის უზრუნველყოფას, რომ ჩვენი ქმედებები კარგად იყოს კოორდინირებული. ჩვენ ვაპირებთ ახლო კონტაქტების შენარჩუნებას, სადღესასწაულო დღეებშიც კი, მიმდინარე მოვლენების კვალდაკვალ“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.