დავით ზალკალიანი - იმედია, აღმოსავლეთ პარტნიორების მინისტერიალზე საქართველო ბევრ პოზიტიურ შეფასებას მიიღებს, რადგან ლიდერად რჩება
დავით ზალკალიანი - იმედია, აღმოსავლეთ პარტნიორების მინისტერიალზე საქართველო ბევრ პოზიტიურ შეფასებას მიიღებს, რადგან ლიდერად რჩება

ათი წლის განმავლობაში, საქართველომ მართლაც მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებს მიაღწია, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის დაფუძნების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით. ზუსტად 10 წლის წინ, 2009 წლის 7 მაისს ევროკავშირმა და აღმოსავლეთ ევროპულმა ექვსმა პარტნიორმა ქვეყანამ – აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა, საფუძველი ჩაუყარეს აღმოსავლეთ პარტნიორობას ინიციატივას.

ზალკალიანის თქმით, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს შეფასება, ეს არის შეფასება, რომელსაც ევროპელი პარტნიორები აკეთებენ.

საგარეო საქმეთა მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ უკვე 13-14 მაისს, ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორების მინისტერიალზე საქართველო ბევრ პოზიტიურ შეფასებას მიიღებს, რადგან იგი პარტნიორობის ლიდერად რჩება.

„ის ფაქტი, რომ საქართველო აღიარებულია, როგორც ლიდერი ქვეყანა, კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული ამბიციური მიზანი და ეს მიზანი არის საქართველოს საბოლოო გაწევრიანება ევროკავშირში. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამამ ჩვენ ბევრი შედეგი მოგვიტანა, როგორც ეკონომიკური კუთხით, ისე ხალხთაშორისი ურთიერთობების თვალსაზრისით. თუნდაც ის ფაქტი, რომ ასოცირების ხელშეკრულება ძალიან წარმატებით სრულდება მთავრობის მხრიდან, იგივე ეკონომიკური პოტენციალის უკეთ წარმოჩენის თვალსაზრისით საქართველო ჩართულია ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის კუთხით. საქართველოსთან მიმართებით დაფუძნებულია სპეციალური ფორმატები, ორი ფორმატი, რომელიც მხოლოდ საქართველოა, აქვს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის, მიანიშნებს იმაზე, თუ რაოდენ წინ ვართ წასული ინტეგრაციულ პროცესებში“, – აღნიშნავს დავით ზალკალიანი.

მინისტრის თქმით, საქართველოს ეკონომიკა დღითიდღე თავსებადი ხდება ევროპულ ეკონომიკასთან. რაც შეეხება მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთიან ფორმატში მეტ თანამშრომლობას, მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ქვეყნებთან თანამშრომლობა გრძელდება, თუმცა საქართველოსთვის პრიორიტეტი საკუთარ საშინაო დავალებებზე ორიენტირებაა.

„ჩვენ ჩვენი საქმიანობა, ეს საშინაო დავალება, რაც გვაქვს, უნდა ვაკეთოთ. ის ფაქტი, რომ ევროპელი პარტნიორები აღიარებენ, რომ საქართველო თუნდაც ამ ქვეყნებთან მიმართებით კიდევ უფრო წინაა წასული ინტეგრაციული პროცესებით, მიანიშნებს იმაზე, რომ სწორ გზაზე ვდგავართ“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.