დავით ზალკალიანი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა
დავით ზალკალიანი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა

24-26 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა, სადაც შეხვედრას გამართავს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰაიკო მაასთან, ასევე გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში იან ჰეკერთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან, ვოლფგანგ შოიბლესთან და ბუნდესტაგის სხვა წევრებთან.

ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს კიორბერის ფონდის რიგით მეცხრე ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმში და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს გერმანიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმი წარმოადგენს ევროპაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის აქტუალური საკითხების განხილვისთვის. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკოსები, მთავრობების წარმომადგენლები, ექსპერტები და ჟურნალისტები, როგორც გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან, ასევე ახლო აღმოსავლეთიდან, აზიიდან და შეერთებული შტატებიდან. ღონისძიების მთავარი თემა იქნება გერმანიისა და ევროპის საგარეო პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ საპანელო დისკუსიაზე, რომელშიც ევროპელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს დავით ზალკალიანი, იმსჯელებენ საქართველოში კონფლიქტების გადაწყვეტისა და ამ მიმართებით ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესაძლებლობებზე.