დავით ზალკალიანი - გაერო-ში მაღალი დონის შეხვედრას გამოვიყენებთ, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება დეტალურად მივიტანოთ საერთაშორისო თანამეგობრობამდე
დავით ზალკალიანი - გაერო-ში მაღალი დონის შეხვედრას გამოვიყენებთ, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება დეტალურად მივიტანოთ საერთაშორისო თანამეგობრობამდე

გაერო-ში მაღალი დონის შეხვედრას გამოვიყენებთ, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება დეტალურად მივიტანოთ საერთაშორისო თანამეგობრობამდე, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა განუცხადა, რომელიც ნიუ იორკში იმყოფება.

რამდენიმე საათში გაერო-ში გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრა გაიხსნება, სახელწოდებით – „მშვიდობის უზრუნველყოფა და მდგრადი განვითარება“. ნიუ იორკში შეკრებილი მაღალი დონის სეგმენტის სტუმრები მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფისა და კონფლიქტების მოგვარების თემაზე იმსჯელებენ. შეხვედრაზე, რომელსაც მინი გენერალურ დებატებსაც უწოდებენ, სიტყვით გამოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

დავით ზალკალიანის ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს ტრიბუნიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებასა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე ისაუბრებს.

დებატების შემდეგ, გაერო-ს შტაბბინაში გაიმართება საქართველოს მიერ ორგანიზებული პარალელური ღონისძიება, რომელიც, ზალკალიანის თქმით, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობას მიეძღვნება. განსაკუთრებული აქცენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე გაკეთდება.

„ეს არის ერთგვარი მინი გენერალური ასამბლეა. ჩვენ ამ შეხვედრას, დებატებს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, კერძოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია იყოს დეტალურად მიტანილი საერთაშორისო თანამეგობრობამდე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ძირითადი დებატების გარდა, რომელიც მსოფლიოში მშვიდობასა და მდგრად განვითარებას მიეძღვნება, ჩვენ გვექნება საქართველოზე ცალკე ​შეხვედრა, რომელიც ფოკუსირებული იქნება ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით მშვიდობის უზრუნველყოფაზე. ბუნებრივია, ეს შეხვედრა იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას დეტალურად ვაცნობოთ ბოლო პერიოდში განვითარებული მძიმე მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული გამოწვევები. იქნება საუბარი ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხზე, ასევე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე, ბუნებრივია, ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად დავრჩებით“, – განაცხადა პირველ არხთან საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.