დავით ზალკალიანი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტელეფონით ესაუბრა
დავით ზალკალიანი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მისი გათავისუფლების შემდეგ ტელეფონით ესაუბრა. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, მან ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს მიულოცა უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომლისთვისაც აქტიურ სამუშაოებს ახორციელებდა როგორც საგარეო უწყება, ასევე სახელმწიფოს სხვა უწყებები.

„მინდა, ბატონ ვაჟას და მის ოჯახს პირადად მივულოცო მისი უკანონო ტყვეობის დასასრული. მე ცოტა ხნის მქონდა მასთან პირადად სატელეფონო საუბარი. მივულოცე ბატონ ვაჟას საკუთარ ოჯახში დაბრუნება. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ პირველივე დღიდან ვიყავით აქტიურად ჩართული ბატონი ვაჟას გათავისუფლების პროცესში. საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთლიანად ჩვენი დიპლომატიური სამსახურის ყოველი სამუშაო დღე იწყებოდა და სრულდებოდა ბატონი ვაჟას საკითხით. იყო ამოქმედებული ყველა საერთაშორისო მექანიზმი, ბერკეტი და ფორმატი, იმისთვის რომ ჩვენ ეს პროცესი დაგვეჩქარებინა და რაც შეიძლება სწრაფად მომხდარიყო ბატონი ვაჟას გათავისუფლება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში, არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო ტრიბუნა და ფორმატი, სადაც ქართულმა მხარემ არ დააყენა ეს საკითხი, იქნებოდა ეს გაერო, ეუთო თუ სხვა ფორმატები. ასევე, ორმხრივ ფორმატში განხორციელდა მინისტრის სატელეფონო ზარები და კომუნიკაცია როგორც კოლეგებთან ასევე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ეუთო-ს თავმჯდომარესთან და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან და სხვა. მინისტრის განცხადებით, პროცესს მთლიანად ხელმძღვანელობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

„ყველა საერთაშორისო სტრუქტურა, მაქსიმალურად, ყველა ჩვენს ხელთ არსებული რესურსი იყო ამოქმედებული, ასევე ჩვენ პარალელურად ვიყავით კომუნიკაციაში ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახთან იმისთვის, რომ ოჯახი ყოფილიყო ინფორმირებული, თუ რა ნაბიჯებს დგამდა ხელისუფლება. ამ პროცესს ხელმძღვანელობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ჩვენ მას ყოველდღიურად ვახსენებდით გაწეული საქმიანობის შესახებ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.