საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჟენევის თანათავმჯდომარეებს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, მათ შორის საოკუპაციო ხაზზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს.
„მქონდა შეხვედრა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, განხილვის ძირითადი საკითხი გახლდათ ე.წ. უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. ბუნებრივია, საუბრები მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ყველა დონეზე, უმაღლეს დონეზე გამოვიყენებთ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ შესაძლებლობას, ყველა ფორმატს, სამივე ორგანიზაციის ფარგლებში, იმისთვის, რომ მომავალში თავიდან იყოს აცილებული უკანონო ქმედებები“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ.
დავით ზალკალიანის განცხადებით, ჟენევის თანათავმჯდომარეები უკვე იმყოფებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში და ადგილზე გაეცნენ შექმნილ სიტუაციას. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, ხვალ, ინციდენტების პრევენციის მექანიზმის შეხვედრაზე, ისევე, როგორც ჟენევის შემდგომ რაუნდზე, იქნება მსჯელობა თუ როგორ უნდა მოხდეს მცოცავი ოკუპაციის პროცესის შეჩერება.
„სატელეფონო საუბრები მქონდა უმაღლეს დონეზე გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ბატონ გუტიერეშთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ქალბატონ ფედერიკა მოგერინისთან და ასევე, ეუთო-ს თავმჯდომარესთან, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკთან. სწორედ მისი წარმომადგენლები არიან ჩამოსული და ჩემი თხოვნის შესაბამისად, მათი ჩამოსვლა დროზე ადრე მოხდა, გამომდინარე იქიდან, რომ იქ შექმნილი სიტუაცია არის მიუღებელი და აუცილებელი იყო, ზუსტად თანათავმჯდომარეების მხრიდან ადგილზე სიტუაციის შესწავლა და მათზე შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.