დავით ზალკალიანი - ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ჯერ დასრულებული არ არის
დავით ზალკალიანი - ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ჯერ დასრულებული არ არის

ძალიან ემოციური დღეა არა მარტო ჩემთვის, მთლიანად, საქართველოსთვის, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც 9 აპრილის მოვლენებს მიეძღვნა.

​„ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში, როდესაც, როგორც არასდროს, ისე იყო ერი გაერთიანებული. ერის ასეთი კონსოლიდაცია ბოლო 30 წლის განმავლობაში იშვიათად მახსენდება. ეს დღეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ქვეყანას ასეთი სერიოზული გამოწვევები აქვს, ბუნებრივია, კონსოლიდაციის, ერთიანობის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება იმ გამოწვევების გამკლავება, რაც ქვეყნის ოკუპაციასთანაა დაკავშირებული.

ჩემს მიმართვაში აღვნიშნე, რომ ეს იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. მაშინ ძალიან კარგად მოხერხდა ამ გამაერთიანებელი მუხტის პოზიტიურ ჭრილში მიმართვა, რაც ყოველთვის მნიშვნელოვანია. ამას ყველა უნდა ეცადოს, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკური შეხედულებისაა. როცა საქმე ჩვენი ქვეყნის ერთიანობასა და თავისუფლებას ეხება, თავისი ამბიცია ყველამ გვერდზე უნდა გადადოს და ამ საერთო მიზნის გარშემო გაერთიანდეს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან ასევე გაიხსენა სტუდენტური მოძრაობა, რომელიც 9 აპრილის მოვლენებში მონაწილეობდა.

„მაშინ 21 წლის ახალგაზრდა სტუდენტი ვიყავი, რუსთაველის გამზირზე ჩემს მეგობრებთან ერთად ვიდექი და ძალიან კარგად მახსოვს, როგორ დაიწყო სტუდენტური მოძრაობა და შემდგომ, როგორ განვითარდა.

მართლაც ფასდაუდებელი იმ ადამიანების წვლილი, ვინც თავი გაწირა და საკუთარი სიცოცხლის ფასად დამოუკიდებლობა მოგვიტანა. ახლა ჩვენზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მიზანი და ის ამოცანა, რომელიც დაგვისახეს, ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ჯერ დასრულებული არ არის. იმისთვის, რომ ეს მისია დავასრულოთ, ქვეყანა ევროპულ ოჯახში აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ამ მისიის დამაგვირგვინებელი და დამასრულებელი ფასი იქნება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.