დავით ზალკალიანი - ბევრის მთქმელია, რომ საქართველო რამდენიმე კონკრეტული ღონისძიებითაა წარმოდგენილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე
დავით ზალკალიანი - ბევრის მთქმელია, რომ საქართველო რამდენიმე კონკრეტული ღონისძიებითაა წარმოდგენილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს პარალელური ღონისძიება ექნება, რომელიც მხოლოდ საქართველოს თემატიკით იქნება შემოფარგლული. საუბარი გაიმართება ნატო-ს გაფართოებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საქართველო მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. ჩვენ გვექნება პარალელური ღონისძიება, რომელიც მიეძღვნება საქართველოს თემატიკას. ჩვენი აქცენტები იქნება ნატო-ს გაფართოებაზე, იმ ნაბიჯებზე, რასაც ჩვენ ველოდებით პარტნიორების მხრიდან. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არის ძალიან კონკრეტული. ჩვენ გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი და აუცილებელია, ეს ითარგმნოს პრაქტიკულ განზომილებაში ისე, როგორც შავ ზღვაზე თანამშრომლობის ფორმატები, რაც აისახა ბრიუსელის წინა სამიტზე. ამ თემებზე გვექნება საუბარი. აუცილებელია, რომ შავი ზღვა იქცეს მნიშვნელოვან მაკონსოლიდირებელ ფაქტორად ყველა მთავარ მოთამაშეს შორის.

ყველა დიდ ფორუმს ვიყენებთ იმისათვის, რომ საქართველოს საკითხი რაც შეიძლება მაქსიმალურად მკაფიოდ იყოს გამოკვეთილი იმ დღის წესრიგში, რა დღის წესრიგიც არსებობს დღევანდელ გამოწვევებით აღსავსე მსოფლიოში. ხედავთ, როგორი გადატვირთული დღის წესრიგია და ბევრის მთქმელია თავად ის ფაქტი, რომ საქართველო რამდენიმე კონკრეტული ღონისძიებითაა წარმოდგენილი უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე. პრემიერს ექნება შესაძლებლობა, რომ ისაუბროს საქართველოს როლზე და მნიშვნელობაზე ევრაზიის კონტექსტში. ეს ფორუმი იქნება მაქსიმალურად გამოყენებული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.