დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დიპლომატებისთვის ორგანიზებული პროექტის ფარგლებში დელავერის შტატს ესტუმრა
დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დიპლომატებისთვის ორგანიზებული პროექტის ფარგლებში დელავერის შტატს ესტუმრა

აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებისთვის ორგანიზებული პროექტის (Experience America) ფარგლებში დელავერის შტატს ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ელჩი „ფეისბუქში“ ავრცელებს.

ვაშინგტონში აკრედიტირებული მისიების ხელმღვანელებს ვილმინგტონში დელავერის გუბერნატორმა ჯონ კარნიმ და აშშ-ის პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის დამ ვალერია ბაიდენმა უმასპინძლეს.

ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანმა შეხვედრები გამართა დელავერის გუბერნატორ ჯონ კარნისთან, შტატის ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან და ვილმინგტონის გლობალური ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელებთან. გუბერნატორთან შეხვედრისას, ელჩმა განიხილა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების პრიორიტეტები, ორმხრივი ეკნომიკური თანამშრომლობა და დელავერის შტატთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

„სახელმწიფო დეპარტამენტი პროექტს -Experience America- ვაშინგტონში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებისთვის ახორციელებს და მიზნად ისახავს ელჩებისთვის ამერიკის სხვადასხვა შტატის გაცნობას და ქვეყნებსა და შტატებს შორის კავშირების გაღრმავებას. მადლობას ვუხდით სახელმწიფო დეპარტამენტს ნაყოფიერი ვიზიტის ორგანიზებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.