დავით ზალკალიანი - არჩილ ტატუნაშვილი იყო ვაჟკაცობისა და გმირობის მაგალითი, მის ხსოვნას საქართველო ყოველთვის მიაგებს პატივს
დავით ზალკალიანი - არჩილ ტატუნაშვილი იყო ვაჟკაცობისა და გმირობის მაგალითი, მის ხსოვნას საქართველო ყოველთვის მიაგებს პატივს

არჩილ ტატუნაშვილი იყო ვაჟკაცობისა და გმირობის მაგალითი, მის ხსოვნას საქართველო ყოველთვის მიაგებს პატივს, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი.

ზალკალიანი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს მშვიდობიან და სამართლებრივ ბრძოლას, რათა საოკუპაციო რეჟიმების მიერ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულება აღსრულდეს.

„დღეს არჩილ ტატუნაშვილი 38 წლის გახდებოდა. იგი 2018 წელს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს და ცხინვალის ე.წ. ციხეში წამებით მოკლეს. არჩილ ტატუნაშვილი იყო ვაჟკაცობისა და გმირობის მაგალითი და მის ხსოვნას საქართველო ყოველთვის მიაგებს პატივს.

ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს რუსეთის უკანონო ოკუპაციისა და დაუსჯელობის სინდრომის უმძიმეს ადამიანურ დანაკარგებს.

საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს მშვიდობიან და სამართლებრივ ბრძოლას, რათა საოკუპაციო რეჟიმების მიერ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულება აღსრულდეს კანონის სრული დაცვით და უდანაშაულობის სინდრომის აღმოფხვრით უზრუნველყოფილ იქნას მსგავს უმძიმეს დანაშაულთა პრევენცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – აღნიშნულია დავით ზალკალიანის განცხადებაში.