დავით ზალკალიანი - არ არსებობს საქართველო აფხაზეთის გარეშე, არ არსებობს ქართველი ერი აფხაზების გარეშე
დავით ზალკალიანი - არ არსებობს საქართველო აფხაზეთის გარეშე, არ არსებობს ქართველი ერი აფხაზების გარეშე

არ არსებობს საქართველო აფხაზეთის გარეშე, არ არსებობს ქართველი ერი აფხაზების გარეშე, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც ის სოხუმის დაცემიდან 26 წლისთავს ეხმიანება.

დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ შერიგებისა და მშვიდობის გზა გრძელია, დიდ შრომას, ნდობის მოპოვებას საჭიროებს.

„სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს ერთ-ერთი ტკივილით სავსე, უმძიმესი თარიღია.

პირადად ჩემი და ჩემი გუნდის – ქართველი დიპლომატების ძალისხმევა და პროფესიონალური გამოცდილება მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, შერიგებისკენ. ეს არის ჩვენი საქმიანობის უპირველესი ამოცანა და სხვა ყველა მიზანი და ქმედება სწორედ აქედან გამომდინარეობს. პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ხალხი, მათ უნდა მივცეთ ღირსეული ცხოვრების, კეთილდღეობის, განვითარების საშუალება. ეს არის ის, რაზეც ვესაუბრებით საერთაშორისო თანამეგობრობას, თუნდაც აქ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის შეხვედრებზე, სადაც ახლა ვიმყოფები.

შერიგებისა და მშვიდობის გზა გრძელია, დიდ შრომას, ნდობის მოპოვებას საჭიროებს, მაგრამ ჩვენ ამ გზას მოთმინებით გავივლით და დავიბრუნებთ ერთმანეთს!

არ არსებობს საქართველო აფხაზეთის გარეშე, არ არსებობს ქართველი ერი აფხაზების გარეშე!“, – აღნიშნულია დავით ზალკალიანის განცხადებაში.