დავით ზალკალიანი - ამერიკაში ვიზიტის დროს ხურვალეთში განვითარებული მოვლენები ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო
დავით ზალკალიანი - ამერიკაში ვიზიტის დროს ხურვალეთში განვითარებული მოვლენები ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო

ამერიკაში ვიზიტის დროს ხურვალეთში განვითარებული მოვლენები ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „ტელეიმედის“ ეთერში ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. დავით ზალკალიანის განმარტებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება ჟენევის ფორმატშიც აქტიურად იქნება განხილული.

„ხურვალეთის საკითხი ყველა შეხვედრაზე – სახელმწიფო დეპარტამენტში, სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ასევე, როდესაც თეთრ სახლში მქონდა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთან ევროპის და ევრაზიულ საკითხებში ფიონა ჰილთან, ჩვენი საუბრის ძირითადი თემა გახლდათ და აუცილებელია იმის თქმა, რომ ჩვენ გვაქვს ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ძალიან მკაფიო მხარდაჭერა“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის განმარტებით, ქართულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს სთხოვა, რომ მათ რუსეთის ფედერაციასთან განსახილველ პრიორიტეტულ საკითხებს შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება მუდმივად დააყენონ დღის წესრიგში. მინისტრმა საერთაშორისო ფორმატებში რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაძლიერების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

„ჩვენ ვთხოვეთ მათ, რომ აუცილებლად ეს საკითხი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია და ეს ბოლო პერიოდის მაგალითები მწვავედ დააყენონ მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში, ჟენევის ფორმატში, რუსეთის ფედერაციის მიმართ, რაც შეიძლება პრიორიტეტულ საკითხებს შორის. ამიტომ, ჩვენი მთავარი რესურსი და მთავარი მექანიზმი იმ უკანონობის წინააღმდეგ რაც ხდება, სწორედ ეს გახლდათ. როდესაც იმ ფორმატებში, სადაც ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან ვსაუბრობთ ამაზე, ჟენევის ფორმატში მოხდეს მათზე ზეწოლის გაძლიერება ყველა იმ მთავარი აქტორის მხრიდან, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, გაერო და ეუთო, ვინც გახლავთ მთავარი მონაწილეები ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, აშშ-ში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მტკიცე მხარდაჭერა, მათ შორის იმ რეზოლუციის ინიცირების სახით, რაც კონგრესმენმა რუნიმ წარადგინა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის პარალელურად. რეზოლუცია უკავშირდება სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. აღიარების დაგმობას და მასში საქართველო მოხსენიებულია, როგორც აშშ-ის მთავარი მოკავშირე რეგიონში.

დატოვე კომენტარი