დავით ზალკალიანი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართება
დავით ზალკალიანი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართება

11 ივნისს ტელე-ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართება ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რომელსაც  უხელმძღვანელებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებენ სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, შეხვედრაზე სიტყვით გამოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

გამოსვლაში ზალკალიანი ყურადღებას გაამახვილებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებულ დინამიკაზე და წარმოადგენს საქართველოს ხედვას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 2020 წლის შემდგომ მომავალთან დაკავშირებით.

მინისტერიალის ფარგლებში ასევე იმსჯელებენ გლობალური პანდემიით შექმნილ ვითარებასა და ამ პროცესში თანამშრომლობის საკითხებზე.