დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი I ეფექტური გოლით მეოთხედფინალში - „საბურთალომ“ გასვლაზე „თელავი“ დაამარცხა #1TVSPORT
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი I ეფექტური გოლით მეოთხედფინალში - „საბურთალომ“ გასვლაზე „თელავი“ დაამარცხა #1TVSPORT

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/8-ფინალში „თელავმა“ „საბურთალოს“ უმასპინძლა, 0:1 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

„კავკასიონი არენაზე“ გამართული შეხვედრა საინტერესო გამოდგა. განახლებული „თელავი“ ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს, „საბურთალოს“ არაფერს უთმობდა, მაგრამ მეტოქეებმა პირველ ტაიმში მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხეს და შესვენებამდე 0:0 დაფიქსირდა.

მეორე ტაიმში „საბურთალომ“ ანგარიში სწრაფად გახსნა. 54-ე წუთზე მასპინძელთა კარისკენ დანიშნული საჯარიმო დარტყმა ლუკა სილაგაძემ შესანიშნავად გამოიყენა – ბურთი „თელავის“ კარის „ცხრიანში“ ეფექტურად ჩაახვია და თბილისელები დააწინაურა.

მასპინძლებმა მთელი ძალებით შეუტიეს და ორწუთიან მონაკვეთში ორი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ ბეგიჩმა მიზანს ააცილა, ხოლო გურამ გოშთელიანის ეპიზოდში „საბურთალოს“ მეკარემ, ლაზარე კუპატაძემ მშვენიერი რეაქცია გამოავლინა, ახლოდან დარტყმული აუღო და გუნდი აშკარა გოლისგან გადაარჩინა.

საბურთალომ“ უპირატესობის შენარჩუნება მოახერხა და საქართველოს თასის 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა, ისევე როგორც კიდევ ხუთმა გუნდმა – „ირაომ“, ფოთის „კოლხეთი 1913“-მა, წყალტუბოს „სამგურალმა“, „დინამო თბილისმა“ და ბათუმის „დინამომ“.

ორი მეოთხედფინალისტი სექტემბერში გაირკვევა: 7 სექტემბერს „სპაერი“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს, ხოლო 12 სექტემბერს საგარეჯოს „გარეჯი“ გორის „დილას“ მიიღებს.