დავით ვოლკოვი - კარგი ვარიანტი თუ გამოჩნდება, „ზირა“ ხელს არ შემიშლის #1TVSPORT
დავით ვოლკოვი - კარგი ვარიანტი თუ გამოჩნდება, „ზირა“ ხელს არ შემიშლის #1TVSPORT

პირველ არხთან საქართველოს ნაკრების ახალწვეულმა თავდამსხმელმა, აზერბაიჯანული „ზირას“ ფეხბურთელმა, დავით ვოლკოვმა იმ მიზეზებზე ილაპარაკა, რატომ არ ჰქონდა ეროვნულ გუნდში ადაპტაციის პრობლემა.

შეგახსენებთ, რომ შვედეთის ნაკრებთან მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ, სადაც ვოლკოვის სანაკრებო დებიუტი შედგა, ვილი სანიოლმა განაცხადა, არ მახსენდება, 26 წლის ასაკში ნაკრებში ადაპტაცია ფეხბურთელს ასე ადვილად გაევლოსო.

„საბედნიეროდ, საქართველოს ნაკრებში კარიერა ჩემთვის კარგად დაიწყო და იმედია, ასეც გაგრძელდება. ეს იმ ხალხის დამსახურებაა, ვისგანაც ნდობა ვიგრძენი. ადაპტაცია არ გამჭირვებია, რადგან თითქმის ყველა ფეხბურთელს კარგად ვიცნობდი. ამიტომ გაშინაურების პრობლემა არ მქონია“. – ამბობს საქართველოს პირველ არხთან დავით ვოლკოვი.

მან კომენტარი იმ პერიოდზეც გააკეთა, როდესაც გუნდიდან ტრავმირებული გაუშვეს: 

„კარიერაში ბევრი რთული მომენტი მქონდა, მაგრამ მთავარია, რომ ეს წარსულია და ვცდილობ, კარიერა განვავითარო. მე არ ვარ გამონაკლისი, დაბრკოლება ყველა ფეხბურთელს ჰქონია. მთავარია, ამან არ შეგაშინოს და სულ წინსვლაზე იფიქრო“.

დათო ვოლკოვის თქმით, დაბრკოლებების მიუხედავად, ბევრი ადამიანის თანადგომა ახსოვს:

იმედგაცრუებების პარალელურად, ბევრს ჩემი სჯეროდა და მიხარია, რომ რაღაც დოზით გავამართლე იმ ხალხის მოლოდინი, ვინც ყოველთვის გვერდით მედგა. საბედნიეროდ, ბევრი ასეთი ადამიანი მახსენდება და მათი თანადგომა არასოდეს დამავიწყდება“.

26 წლის თავდამსხმელი იმედოვნებს, რომ ძლიერი ლიგიდან დაინტერესების შემთხვევაში „ზირა“ ხელს არ შეუშლის: 

„დარწმუნებული ვარ, კარგი ვარიანტი თუ გამომიჩნდება, აზერბაიჯანული კლუბი გამიშვებს, რადგან ჩემი წინსვლა და წარმატება უხარიათ და საერთოდ, კლუბში თანადგომას ვგრძნობ. თუმცა ჯერ წასვლაზე ლაპარაკი არც ღირს, რადგან ამაზე არავისთან არ მისაუბრია“.