დავით ვოლკოვი - ბედნიერი ვარ, რომ ნაკრებმა ჩემი გოლით გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT

უზბეკეთთან გამარჯვების შემდეგ, 2021 წლის ბოლო სანაკრებო მატჩები ეროვნული გუნდის ახალწვეულმა დავით ვოლკოვმა შეაფასა – აზერბაიჯანული „ზირას“ თავდამსხმელი „ჯვაროსნების“ ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა და გუნდმა მისი გოლით 1:0 მოიგო.

„ყველას ვულოცავ გამარჯვებას. ძალიან გახარებული ვიყავი, როდესაც ნაკრებში გამომიძახეს და ყველანაირად ვცდილობდი ჩემი შანსი გამომეყენებინა. სასტარტო შემადგენლობაში დაწყება ძალიან გამიხარდა“, – ამბობს დავით ვოლკოვი.

26 წლის თავდამსხმელმა, რომელსაც ვილი სანიოლი ერთ-ერთ აღმოჩენად თვლის, კომენტარი საქართველოს ნაკრებში გატანილ სადებიუტო გოლზე გააკეთა.

„რთულია სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია, რომელიც ეროვნული ნაკრების მაისურით გატანილ გოლს ახლავს. ბედნიერი ვარ, რომ გუნდმა ჩემი გოლით მოიპოვა გამარჯვება. წარმატებას ვუსურვებ ნაკრებს. მიხარია, რომ წელი დადებითად დავასრულეთ“, – აცხადებს ვოლკოვი.

უზბეკეთთან მოგებული მატჩის შემდეგ დავით ვოლკოვზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ილაპარაკა:

„დავით ვოლკოვი გუნდის ახალი წევრია, შვედეთის წინააღმდეგ მატჩში ის შესანიშნავად ჩაერთო. დღეს მან გოლის გატანა მოახერხა და ეს მომენტი მისი თავდაჯერებულობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მან ასევე დაინახა, რომ სანაკრებო დონეზე სათამაშოდ უფრო მეტია საჭირო, ეს განსაკუთრებით მის მოედანზე მოძრაობას შეეხება. ვოლკოვმა ბევრი უნდა იმუშაოს, ითამაშოს და უფრო მეტად თავდაჯერებული გახდეს“.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლმა დავით ვოლკოვი ნოემბრის სანაკრებო შეკრებაზე ბოლო მომენტში, „სერენის“ ტრავმირებული თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად გამოიძახა და სადებიუტო შეხვედრა შვედეთთან შეცვლაზე ჩაატარა. უზბეკეთთან ვოლკოვი უკვე ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და „ჯვაროსნებმა“ მისი ერთადერთი გოლით 1:0 მოიგეს.