დავით უსუფაშვილისა და დავით ბაქრაძის ავტომობილების ხარჯებს პარლამენტი დაფარავს
დავით უსუფაშვილისა და დავით ბაქრაძის ავტომობილების ხარჯებს პარლამენტი დაფარავს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეების, დავით უსუფაშვილისა და დავით ბაქრაძის ავტომობილების ხარჯების დაფარვა საკანონმდებლო ორგანოს საკუთარი ბიუჯეტიდან მოუწევს.

როგორც ჟურნალისტებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ განუცხადა, პარლამენტს განკარგულება ჰქონდა მიღებული, რომ ყოფილ სპიკერებს დაცვა და ავტომობილი 2020 წლამდე უნდა შეუნარჩუნდეთ, რაც „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” კანონპროექტთან წინააღმდეგობაში მოდიოდა.

„ამიტომ, გარდამავალი დებულებით 2020 წლამდე შევუნარჩუნებთ დაცვას, ავტომობილთან დაკავშირებულ ხარჯებს პარლამენტი გაიღებს, დაცვის ხარჯებს- სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. 2020 წლიდან იგივე მიდგომა იქნება, როგორც არის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შემთხვევაში”,- განაცხადა ჩუბინიძემ.

ანზორ ჩუბინიძემ ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს მეორე მოსმენით წარადგინა. ცვლილებებით, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი წლის შემდეგ დაცვა აღარ ეყოლებათ, თუმცა დაცვა შეიძლება დაენიშნოთ მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაბამისი საფრთხის არსებობის საფუძველზე.