დავით უსუფაშვილი - შესაძლოა, საქართველოს საუკეთესო პრეზიდენტი ვყოფილიყავი, მაგრამ საარჩევნო ბატალიებში წარმატებისთვის აშკარად ბევრი რამ დამაკლდა
დავით უსუფაშვილი - შესაძლოა, საქართველოს საუკეთესო პრეზიდენტი ვყოფილიყავი, მაგრამ საარჩევნო ბატალიებში წარმატებისთვის აშკარად ბევრი რამ დამაკლდა

შესაძლოა, საქართველოს საუკეთესო პრეზიდენტი ვყოფილიყავი, მაგრამ საარჩევნო ბატალიებში წარმატებისთვის აშკარად ბევრი რამ დამაკლდა, – ასე მიმართავს ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი იმ 36 037 ამომრჩეველს, რომელმაც მას ხმა მისცა.

„36 037-ო, კიდევ ერთხელ მადლობა ერთმანეთის პოვნისთვის და ერთად შეგროვებისთვის! მადლობა, ერთმანეთს არჩევანის შეთავაზებისა და არჩევანის გაკეთების საშუალება რომ მივეცით!
ვწუხვარ, რომ გიმტყუნეთ და მეტი თანამოაზრე ვერ შეგძინეთ. შესაძლოა, საქართველოს საუკეთესო პრეზიდენტი ვყოფილიყავი, მაგრამ ამავე საქართველოს საარჩევნო ბატალიებში წარმატებისთვის აშკარად ბევრი რამ დამაკლდა, მაგალითად, საძალაუფლებო ჟინი, გაქანება და თავზეხელაღებულობა. სახელმწიფო თანამდებობა ჩემთვის ცხოვრების ტვირთია და არა ცხოვრების მიზანი. ამას გრძნობს ბევრი ჩვენი თანამოქალაქე და, თქვენგან განსხვავებით, ხმის არ მოცემით „შემიბრალებს“ ხოლმე.

მე პოლიტიკურ სცენაზე ახალ უფსკრულებს ვერ ვთხრი, არსებულ უფსკრულებზე ხიდების აგებას ვცდილობ. ქართულ არჩევნებში კი მნგრეველები იპყრობენ გულებს და მშენებელს გონებაც კი არ უღებს კარს. მე ადამიანში პარტნიორ მოქალაქეს ვეძებ და მასთან ვსაუბრობ. ჩვენს არჩევნებში კი ამომრჩეველს „ელექტორატის ენაზე“ უნდა ეკეკლუცო და როგორმე ხმა გამოღლიტო… მე ვერც ბიზნეს წრეები „დავითრიე“ ხელისუფლებაში ყოფნისას და ამიტომაც მოვხსენი ყველა დროის რეკორდი „პერ-ხმა-კაპიტა“ დახარჯული თეთრით.

გამოდის, რომ ჟინთან ერთად ქართული პოლიტიკისთვის აუცილებელი „მარიფათიც“ მკლებია – „თუ საჭირო იყო, უნდა მომეპარა კიდეც; თუ საჭირო იყო, უნდა მეცრუა კიდეც; თუ საჭირო იყო, უნდა მემრუშა კიდეც; თუ საჭირო იყო, უნდა გამეთხარა კიდეც“.

მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს „ჟინი და მარიფათი“ თუ მექნებოდა, ახლა მე სხვისი რჩეული ვიქნებოდი და მათ მივმართავდი, ვისაც საქვეყნო საქმე კი არა, საქვეყნოდან სათავისოს ვერ მოციცქვნა ადარდებს.

მე კი თქვენთან მირჩევნია. დღეს მე დავმარცხდი, მაგრამ ხვალ ჩვენთან ერთად და ჩვენი ხელშეწყობით სხვა ჩვენნაირები, ჩემზე უკეთესები და ძლიერები, გაიმარჯვებენ. მეც დღეიდან მათ წარმატებას მოვახმარ ჩემი ცოდნის, გამოცდილების და ენერგიის ძირითად ნაწილს.

მეტი და უკეთ ორგანიზებული შრომით ნამდვილად მეტი შეგვიძლია! საქართველო მაშინ დალაგდება, დამშვიდდება და გაძლიერდება, როცა 36 037 ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, აგურ-აგურ 360 370 გავხდებით (მეტი არა, თორემ ჩვენც ავურევთ)“, – წერს დავით უსუფაშვილი „ფეისბუქში“.