დავით უსუფაშვილი - ხელებს ვწევ და ვამბობ, თითქმის ორი ათეული წელია, „ნაციონალური მოძრაობის“ მე აღარ მესმის
დავით უსუფაშვილი - ხელებს ვწევ და ვამბობ, თითქმის ორი ათეული წელია, „ნაციონალური მოძრაობის“ მე აღარ მესმის

ხელებს ვწევ და ვამბობ, რომ თითქმის ორი ათეული წელია, „ნაციონალური მოძრაობის“ მე აღარ მესმის, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გეგმაზე ციხეში პოლიტიკური კონსულტაციები დაიწყო; ასევე, უკავშირდება თუ არა ეს ინიციატივა ბაკურიანში არასამთავრობოების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ნაწილის ტრენინგს, რომელთან დაკავშირებითაც მედიით გავრცელდა ინფორმაცია.

„ამ შენობაშიც სადმე რომ ტარდებოდეს ღონისძიება, რომელზეც იქნება განხილული მშვიდობიანი პროტესტის ფორმები დემოკრატიულ საზოგადოებაში, სიამოვნებით შევალ და დავესწრები. სახელისუფლო გუნდის ფობიები და ტრუკები, რომ რაღაც პიარული სვლებით გადაფაროს რეალური პრობლემები, ცნობილი ამბავია და ამიტომ არანაირი სურვილი არ მაქვს, ამ ყველაფრის დეტალებში ჩავიდე.

დიდი ხანია, ვაცხადებ, ხელებს ვწევ და ვამბობ, რომ თითქმის ორი ათეული წელია უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ მე აღარ მესმის, როდის რა მოთხოვნას აყენებენ, როდის რას უარყოფენ და როდის რა ნაბიჯს გადადგამენ. მე აღარ და ვეღარ გამოვდგები ამის ექსპერტ-კომენტატორად, იმდენად აღარ მესმის ეს ყველაფერი. ჩვენ ჩვენი საქმით ვართ დაკავებული და საქართველოს სჭირდება ხელისუფლების შეცვლა უკეთესი ხელისუფლებით ან უკეთესი ხელისუფლების კონტურები უნდა გამოიხატოს.

პოლიტიკური პარტია ყოველ ცისმარე დღეს მზად უნდა იყოს არჩევნებისთვის. თუ ეს ასე არ არის, მაშინ ეს არაა პოლიტიკური პარტია. ვადამდელი არჩევნები, ესაა კონსტიტუციური მექანიზმი და ინსტიტუტი იმ ტიპის კრიზისის განსამუხტავად, რაც შეიძლება ქვეყანაში შეიქმნას. დიახ, ეს შეიძლება, შეიქმნას ხვალ; შეიძლება, ორ თვეში შეიქმნას. ეს არც მოთქმა-გოდებით მიიღწევა, არც შეძახილებით, არც ლოცვით და არც რამე სხვა ფორმით. ეს კონსტიტუციური მექანიზმია და ყველა პარტია ამისთვის მზად უნდა იყოს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.