დავით უსუფაშვილი - დღევანდელი შეხვედრა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ვერ იქნება გადამწყვეტი, ამას უნდა შევეგუოთ
დღევანდელი შეხვედრა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ვერ იქნება გადამწყვეტი, ამას უნდა შევეგუოთ, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უუფაშვილმა განაცხადა შეხვედრის წინ, რომელიც დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის იმართება.
მისივე თქმით, შეხვედრის თემა პოლიტიკური გამოსავლის ძიება იქნება.
„ასეთი მასშტაბის პრობლემები ერთ დღეში და ერთი შეხვედრით ვერ წყდება. მთავარი ისაა, რომ ჩვენ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ კარგად ავუხსნათ, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა არჩევნებზე არ შეიძლება გავიდეს, რადგან ყველანი ერთად ჩავიჩეხებით ასეთი დაპირისპირების ფონზე სწორედ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.
ამიტომ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემა იქნება პოლიტიკური გამოსავლის ძიება. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური გამოსავლის ფორმულა, ე.წ. გერმანულ გამოცდილებაზე დაფუძნებული, ქართულად ადაპტირებული საარჩევნო სისტემის მოდელი, რომელიც დავდეთ მაგიდაზე. ჩვენ დღეს არ შევალთ არანაირ ფორმალურ იურიდიულ კაზუისტიკაში. ჩვენ ვილაპარაკებთ არსზე, პოლიტიკურ პრობლემას რა პოლიტიკური გამოსავალი აქვს.
გამოსავალზე უნდა შევჯერდეთ და ამის მერე, უნდა გადავიდეთ ფორმაზე, კონკრეტულად რომელ მუხლში რა ცვლილებაა შესატანი. ხელისუფლება აცხადებდა, რომ დახურულია თემა, ჩარაზულია კარები, არაფერი შეიცვლება. დღევანდელი შეხვედრით ეს კარი იხსნება და ჩვენ ხელისუფლებას არ მივცემთ საშუალებას, ეს კარი დაკეტოს მალევე. ეს სჭირდება ქვეყანას, საზოგადოებას და ჩვენ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მოვიქცევით ძალიან მაღალი პრინციპულობისა და პასუხისმგებლობის განცდით“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ 10:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.