დავით უსუფაშვილი - ჩვენი მკაფიო შეთავაზება, რომ ოპოზიციის პროექტი გავგზავნოთ საერთაშორისო ორგანიზაციებში და მათი რეკომენდაციებით ვიმოქმედოთ, უარყოფილი იყო
დავით უსუფაშვილი - ჩვენი მკაფიო შეთავაზება, რომ ოპოზიციის პროექტი გავგზავნოთ საერთაშორისო ორგანიზაციებში და მათი რეკომენდაციებით ვიმოქმედოთ, უარყოფილი იყო

ჩვენი მკაფიო შეთავაზება, რომ ოპოზიციის პროექტი გავგზავნოთ საერთაშორისო ორგანიზაციებში და მათი რეკომენდაციებით ვიმოქმედოთ, უარყოფილი იყო, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ დიალოგი დღეს არ დამთავრებულა.

„დღევანდელ მსჯელობაზე განხილული იყო ოპოზიციის შეთავაზება, რომელიც აკმაყოფილებს მაჟორიტარების მოთხოვნასაც, პროპორციულის მოთხოვნასაც, ივანიშვილის დაპირებასაც, საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციებსაც. ამ თემაზე არსობრივად არანაირი არგუმენტი საწინააღმდეგო არ ყოფილა, გაგრძელდა საუბარი იმის თაობაზე, რომ ის კონსტიტუციას არ შეესაბამება. ამის თაობაზე ჩვენი მკაფიო შეთავაზება, რომ ერთად გავგზავნოთ ეს საერთაშორისო ორგანიზაციებში და მათი რეკომენდაციების მიხედვით ვიმოქმედოთ, იყო უარყოფილი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან დაისვა კონკრეტული კითხვა – თუ მხოლოდ კონსტიტუციურობის თემაა პრობლემა, არის მზად ხელისუფლება, რომ სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებებით, ანუ 113 ხმით მოაგვაროს ის, ვინაიდან შეთავაზებული მოდელი მაჟორიტარების საკითხსაც ხსნის და მათ უტოვებს მაჟორიტარულ ოლქებში მონაწილეობის საშუალებას.

„ამაზე პასუხი იყო, რომ სხვა მიზეზების გამოც, მმართველი გუნდი პრაქტიკულად ვერ ხედავს იმ შესაძლებლობას, რომ რაიმე საკონსტიტუციო ცვლილებებზე იყოს საუბარი. ალბათ, ეს შედეგია იმ ეროზიის, რომელიც მიმდინარეობს გუნდში.

დაისვა საკითხი იმის შესახებ, რომ ჩვენ, ოპოზიცია ვაგრძელებთ ჩვენს ქმედებებს. ჩვენ ცალმხრივად გავაგზავნით დოკუმენტს საერთაშორისო ორგანიზაციებში, რათა მოვიპოვოთ მეტი არგუმენტი ამ ანტიკონსტიტუციურობის და ასე ვთქვათ, საბაბის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, კოლეგები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და საელჩოებიდან ორივე მხარეს მოუწოდებდნენ და ურჩევდნენ, რომ სხვა გამოსავალი ეძებონ.

„ჩვენ ვკითხეთ ხელისუფლებას, ეს თუ არ მოგწონთ კონსტიტუციურობის თუ სხვა რაიმეს გამო, ხომ არ გაქვთ რამე აზრი და იდეა ამ პრობლემის და კრიზისის მოსაგვარებლად. მათი პასუხი იყო, რომ არ აქვთ. ჩვენი მზაობაა, რომ ისევ საერთაშორისო ორგანიზაციების კონსულტაციებით და მათი მონაწილეობით კიდევ შედგეს მინიმუმ ერთი რაუნდი შეხვედრების, რათა მიეცეს საშუალება ხელისუფლებასაც, კარგად დაფიქრდეს ყველაფერზე, რაც აქ მოისმინა, რაც ხვალ და ზეგ კიდევ იქნება და იფიქრონ მათი მხრიდან შესაძლო შემოთავაზებაზე, რომელსაც ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ.

უბრალოდ დღეს არანაირი შემოთავაზება არ არსებობს. ჩვენი მხრიდანაც, გავაგრძელებთ მცდელობას, რომ ჩვენი ამოცანაა შედეგი – სამართლიანი, მშვიდობიანი არჩევნების მიღწევა. ჩვენი ამოცანა არ არის რომელიმე აკვიატებული მოდელის გადმოტანა აუცილებლად, ჩვენი ამოცანა იყო პროპორციული არჩევნები და ახლა ამოცანაა, რომ დარღვეული კონსენსუსი როგორმე აღდგეს, რათა ჩვენ მომავალ არჩევნებზე არ გადავჩეხოთ ქვეყანა დიდ საფრთხეში. ამას გავაგრძელებთ. დღევანდელი ვითარებით ჩვენ ძალიან რთული არჩევნებისკენ მივექანებით“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

დატოვე კომენტარი