დავით უსუფაშვილი - არის იმედი, უახლოეს ორ დღეში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება იყოს მიღწეული
დავით უსუფაშვილი - არის იმედი, უახლოეს ორ დღეში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება იყოს მიღწეული

„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება უახლოეს ორ დღეში შეიძლება შედგეს. ამის შესახებ უსუფაშვილმა გერმანიის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ხუთი საათი მიდიოდა შეხვედრა, რადგან ძალიან სიღრმისეული განხილვები იყო.

„ბოდიშს ვუხდი ქართველ ხალხს, რადგან ამ ყველაფრის მოწმე არის და 2020 წელს ჩვენ ჯერ კიდევ იმაზე ვერ ვთანხმდებით, პოლიტიკურ პროცესებში საერთოდ როგორ ვიცხოვროთ. მაგრამ სამწუხაროდ ეს ასეა. ახლა არის იმედი იმისა, რომ უახლოეს ორ დღეში შეთანხმება იყოს მიღწეული. ამისთვის, მეც და კიდევ, ვინც აქ შეკრებილი ვართ, ყველაფერს ვაკეთებთ. თუმცა, არის ობიექტური წინააღმდეგობები. ბოლო 10 დღემდე ხელისუფლების მხრიდან მაინც და მაინც კონსტრუქციულ დამოკიდებულებას ვერ ვხედავდით. ახლა გაჩნდა ამის შესაძლებლობა და ამიტომ ვაგრძელებთ თავდაუზოგავად შრომას იმისთვის, რომ ჩატარდეს ამ ქვეყანაში არჩევნები, თავიდან ავიცილოთ პოლარიზაცია“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით უსუფაშვილმა.

გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის მიწვევით ვახშამი გაიმართა, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, ასევე, ოპოზიციის ის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების რაუნდებში მონაწილეობდნენ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც.