დავით უსუფაშვილი - ადამიანთა ვიწრო წრეს სასამართლოს ხელში ჩაგდება უნდა
დავით უსუფაშვილი - ადამიანთა ვიწრო წრეს სასამართლოს ხელში ჩაგდება უნდა

სასამართლოს ხელში ჩაგდება უნდა ადამიანების ერთ ვიწრო წრეს და ჩვენ გვაბრალებენ, თითქოს სახელმწიფოს და სასამართლოს ვებრძვით, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში გადასარჩენია სასამართლო და ქართველი ერის თვითრწმენა, რომ სახელმწიფოს გაძღოლა შეგვიძლია.

„დამოუკიდებლობიდან დღემდე კი არ ვაშენებთ, ვანგრევთ სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტს. რომ არა ჩვენი ხალხის ისტორიული სიძლიერე და ერის დაუოკებელი სურვილი, ჰქონდეს სახელმწიფო, წესით აღარ უნდა ვარსებობდეთ რუკაზე, იმდენად არასწორად ვეპყრობით საკუთარ ქვეყანას. მაქვს იმედი, რომ გადავარჩენთ სასამართლოს, კანონი იქნება უზენაესი, ამის იმედს მაძლევს წარსულში ქართველი ხალხის მიერ ჩადენილი ამბები. ხალხი ვერ ეგუება სიყალბეს, როცა ხელისუფალი თავისი ჩადენილის სხვისთვის დაბრალებას იწყებს. ამ შემთხვევაში ასეა საქმე – სასამართლოს  ხელში ჩაგდება უნდა ადამიანთა ერთ მუჭა წრეს და აქეთ გვაბრალებენ, რომ თურმე ჩვენ ვებრძვით სახელმწიფოს და სასამართლოს. მოსამართლეთა ევროპული სტანდარტის ერთ-ერთი საყრდენი, მეცხრამეტე მუხლი გვეუბნება, რომ დაუშვებელია მოსამართლეთა დანიშვნა ან დაწინაურება ვიწროპარტიულ პოლიტიკურ შეხედულებებს ემყარებოდეს. და თუ ეს ასე ხდება, სჯობს არ დაინიშნონ მოსამართლეები“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.