დავით სონღულაშვილი - საგანგაშო არაფერია, აშშ არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი
დავით სონღულაშვილი - საგანგაშო არაფერია, აშშ არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი

საგანგაშო არაფერია, აშშ არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი, – ასეთ კომენტარს აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით სონღულაშვილი სენატორ ჯიმ რიშის საკანონმდებლო შესწორებაზე.

„აშშ არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი და შესაბამისად, თანამშრომლობა საქართველოსა და ამერიკას შორის არის ყველაზე მაღალ რანგში და ყველაზე მაღალ ნიშნულზე, რომელზეც საქართველოს ოდესმე ამ ქვეყანასთან ქონია“, – აღნიშნავს სონღულაშვილი.

​რაც შეეხება რიშის ინიციატივას, სონღულაშვილი აღნიშნავს, რომ ეს არის სამუშაო პროცესი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი ქმედებები.

„შესაბამისი რეაგირებით იქნება პასუხი, თუმცა, მინდა აღვნიშნო, რაც იყო შეთანხმების საგანი, გერმანიის ელჩმა ძალიან კარგად აღნიშნა. მან აღნიშნა, რომ ორივე მხრიდან შეთანხმება იყო ის, რაც დაწერილი იყო ფურცელზე და რაზეც ორივე მხარემ მოაწერა ხელი და აუცილებელია, ორივე მხარემ შეასრულოს ვალდებულებები, შესაბამისად კონსტიტუციის კენჭისყრაზე, რომელიც ორშაბათს იქნება მესამე მოსმენით, ყველამ მიიღოს მონაწილეობა. რაც შეეხება რიშის პასუხს, როგორც კი იქნება გამოქვეყნებული, ალბათ მერე იქნება სწორი, რომ კომენტარი გავაკეთოთ ამ საკითხზე, რათა ვნახოთ დეტალურად, რაზეა და როგორ არის საუბარი.

რიშის ინიციატივა საგანგაშო ცალსახად არ არის. ერთი, რაც ფაქტი არის, ალბათ არის კითხვები, რომელზეც ჩვენ ჩვეულ სამუშაო რეჟიმში გვექნება სამუშაო, როგორც ეს ხდება ხოლმე. აქედან გამომდინარე, საგანგაშო არაფერია. რადგან, როგორც ვთქვი, ჩვენს პარტნიორთან თანამშრომლობის ეტაპი არის ყველაზე მაღალ ნიშნულზე, რომელიც საქართველოსა და ამერიკის ისტორიაში ყოფილა.

ეს არ მგონია, რომ იყოს გაფრთხილება, ეს უფრო მგონია, უბრალოდ კომენტარი, რომელიც არის სამუშაო პროცესი და რომელსაც ჩვენი მხრიდან შესაბამისი მუშაობა სჭირდება“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.