დავით სხირტლაძე კარიერას თბილისის „იბერიაში“ გააგრძელებს #1TVSPORT
დავით სხირტლაძე „იბერია 1999“-ის ფეხბურთელია – გამოცდილი თავდამსხმელის ტრანსფერზე ინფორმაციას საქართველოს ჩემპიონის პრესსამსახური ავრცელებს.
დავით სხირტლაძემ კარიერა 2011 წელს დანიურ „ორჰუსში“ დაიწყო. 2016 წლის იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით „სილკებორგს“ შეუერთდა. იყო ტრნავას „სპარტაკის“ (სლოვაკეთი), „რიგის“ (ლატვია), გდინიას „არკას“ (პოლონეთი) ფეხბურთელი.
2021 წლის 12 თებერვალს სხირტლაძე დანიაში დაბრუნდა და „ვიბორგში“ ჩაირიცხა, რომელიც სეზონის ბოლოს დატოვა. 2021-2024 წლებში „დინამო თბილისში“ თამაშობდა, ნახევარი წელი კი იჯარით თურქულ „ქოჯაელისპორში“ გამოდიოდა.
სხირტლაძე საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, 2016 წლიდან კი ეროვნულ ნაკრებში იწვევდნენ – „ჯვაროსნების“ ფორმით ოთხი მატჩი ჩაატარა.