დავით სხირტლაძე დანიიდან სლოვაკეთში გადავიდა
დავით სხირტლაძე დანიიდან სლოვაკეთში გადავიდა

დავით სხირტლაძე კარიერას ტრნავის „სარტაკში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას სლოვაკეთის ჩემპიონის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

25 წლის ქართველი თავდამსხმელის სლოვაკურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დანიური „სილკებორგიდან“ შეუერთდა და ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. „სპარტაკი“ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან „ფენერბაჰჩე“, ზაგრების „დინამო“ და „ანდერლეხტი“.

სხირტლაძე 18 წლიდან დანიაშია. 2011-2016 წლებში „ორჰუსში“ თამაშობდა, ხოლო 2016-2018-ში -„სილკებორგში“. გასულ სეზონში მისი გუნდი დანიის სუპერლიგიდან გავარდა და ქართველმა თავდამსხმელმა ახალი კლუბის მოძებნა გადაწყვიტა.

ტრნავის გუნდშია ვახტანგ ჭანტურიშვილი, რომელიც ევროსარბიელზე ტრავმის გამო ვერ თამაშობდა. „სპარტაკის“ ვებგვერდის ცნობით, სხირტლაძეს ძალიან კარგი რეკომენდაცია გაუწიეს მან და სლოვაკმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა, რომელიც ამჟამად საქართველოს ნაკრებს ხელმძღვანელობს.

„მოუთმენლად ველოდები ახალ ქვეყანასა და გუნდში თამაშს. მზად ვარ, ჩემს ძველ მეგობართან, ვახტანგ ჭანტურიშვილთან ერთად გუნდს წინსვლაში დავეხმარო. ვახო ჩემი ბავშვობის მეგობარია, ცხრიდან 17 წლამდე ერთად ვვარჯიშობდით და ვიზარდებოდით“, – განაცხადა სხირტლაძემ.

„სპარტაკის“ გენერალური მენეჯერის, პაველ ჰოფტიჩის თქმით, გუნდის მწვრთნელს სხირტლაძის კანდიდატურა მან და მისმა თანაშემწემ ურჩიეს.

„ინფორმაცია ჭანტურიშვილთანაც გადავამოწმეთ. ის შრომისმოყვარე ფეხბურთელია, შეუძლია ცენტრფორვარდად და მეორე თავდამსხმელად ითამაშოს. დანიაში 140 შეხვედრა ჩაატარა, ბოლო ორ სეზონში კი თოთხმეტი გოლი გაიტანა“, – ამბობს პაველ ჰოფტიჩი.