დავით სერგეენკო - ფოთის ახალ პორტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებამ დაუშვა შეცდომა, მაგრამ მთავარია, რომ ეს შეცდომა გამოსწორდა
დავით სერგეენკო - ფოთის ახალ პორტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებამ დაუშვა შეცდომა, მაგრამ მთავარია, რომ ეს შეცდომა გამოსწორდა

სახელმწიფო უწყებამ დაუშვა შეცდომა, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ეს შეცდომა გამოსწორდა, – განაცხადა „შაბათის ქრონიკასთან“ საუბარში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით.

„შეცდომები სამწუხაროდ ყველგან შეიძლება იყოს დაშვებული, სახელმწიფო უწყებებშიც, კერძო უწყებებშიც და პიროვნულად ადამიანების მხრიდანაც. ძალიან რთულად წარმომიდგენია, რაღაც სისტემა შეცდომის გარეშე მუშაობდეს. რასაც ვადევნებდი თვალყურს და რის საქმის კურსშიც ვარ ამ მოვლენებთან დაკავშირებით – აქ იყო უწყების შეცდომა, ეს შეცდომა გამოსწორდა. პრობლემად აღქმული იქნა, რომ რატომ დაუშვეს შეცდომა. რა თქმა უნდა, ეს ცუდია, მაგრამ მთავარი არის ის, რომ უწყებამ ეს შეცდომა გამოასწორა, არ გაჯიუტებულა და არ დაუწყია ჯიქურ იმის გატანა, რომ ეს შეცდომა არ ყოფილა და ჯიუტად მიყოლა.

ჩვენ ასეთი ჯიუტად მიყოლის სამწუხარო შემთხვევებიც გვახსოვს. კარგი იქნება, შეცდომა საერთოდ არ ხდებოდეს, მაგრამ როდესაც შეცდომა ხდება, ამოცანა არის ამ შეცდომის სწრაფად გამოსწორება, რაც დავინახეთ ამ შემთხვევაში“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება იმას, თუ რომელი პორტი უნდა იყოს დომინანტი, მინისტრის თქმით, ამასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ამ დღეების განმავლობაში ძალიან ნათელი განმარტებები გააკეთა.