დავით სერგეენკო - ევროპარლამენტარები სააკაშვილთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ, ეს მათი უფლებაა, მეორე ნაწილი კი მას მოუწოდებდა, საქართველოში არ ჩამოსულიყო
დავით სერგეენკო - ევროპარლამენტარები სააკაშვილთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ, ეს მათი უფლებაა, მეორე ნაწილი კი მას მოუწოდებდა, საქართველოში არ ჩამოსულიყო

პარლამენტის ვიცე-სპიკერ დავით სერგეენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტართა მოსაზრება მნიშვნელოვანია, მაგრამ ბევრად მნიშვნელოვანია, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ მართლმსაჯულება აღსრულდეს. სერგეენკომ კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ინიციატივით მომზადებულ წერილზე, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს სამართლიან სასამართლო პროცესამდე.

როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, ევროპარლამენტში სხვადასხვა პოზიციის მქონე წევრები არიან და ეს ასეც უნდა იყოს, „ყველა ერთ ჭკუაზე არ უნდა იყოს“.

„ევროპარლამენტარები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ, ეს მათი უფლებაა, მაგრამ ევროპარლამენტართა მეორე ნაწილი ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში ჩამოსვლის თაობაზე განცხადების გაკეთებამდე, მას მოუწოდებდნენ, ეს არ გაეკეთებინა. იგივე ინსტიტუციის წარმომადგენლებმა ასეთი პოზიცია დააფიქსირეს. არ ვფიქრობ, რომ ევროპარლამენტარების ნაწილის განცხადება მთლიანად ევროპარლამენტისა და ევროკავშირის კონსოლიდირებული პოზიციაა. ევროპარლამენტარებმა საკუთარი განცხადების ისეთი ფორმულირება გააკეთონ, როგორსაც საჭიროდ მიიჩნევენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ. მნიშვნელოვანია მათი მოსაზრება, მაგრამ ბევრად მნიშვნელოვანია მართლმსაჯულება აღსრულდეს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.