დავით სერგეენკო აცხადებს, რომ უკრაინაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის ვინაობა უახლოეს ხანში გაირკვევა

19:40, 12.04.2022

შემიძლია, ცალსახად გითხრათ, გადაწყვეტილება მიღებულია, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მიემგზავრება უკრაინაში, მიემგზავრება ამ კვირის ბოლოს, პარასკევს ან შაბათს, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ.

სერგეენკოს თქმით, ვადები დამოკიდებულია პროტოკოლურ ნაწილთან.

„რაც შეეხება დელეგაციის შემადგენლობას, პარლამენტის თავმჯდომარე ან პარლამენტის ვიცე-სპიკერი იქნება დელეგაციის ხელმძღვანელი. ვინ იქნება კონკრეტულად, ბატონი შალვა თუ რომელიმე ვიცე-სპიკერი, ეს გაირკვევა დღეს-ხვალ რეჟიმში, მიდის კონსულტაციები.

მე მესმის საზოგადოების მაღალი ინტერესი ამაზე, მაგრამ გიფიქსირებთ, რომ დელეგაცია აუცილებლად გაემგზავრება, ხელმძღვანელის ვინაობა კი, ცნობილი გახდება დღეს-ხვალ რეჟიმში“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამასთან, სერგეენკოს თქმით, მიდის კონსულტაციები კოლეგებს შორის და „ალბათ, მალე იქნება პოზიტიური, კომპრომისული და ღირსეული გადაწყვეტილება მიღებული“.

მსგავსი