დავით ქოქიაშვილი „სიონს“ აღარ გაწვრთნის - ინფორმაციას ბოლნისური კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს
დავით ქოქიაშვილი „სიონს“ აღარ გაწვრთნის - ინფორმაციას ბოლნისური კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს

„ბოლო თამაშებში ნაჩვენები შედეგების გამო ბოლნისის „სიონმა“ დავით ქოქიაშვილთან, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, თანამშრომლობა გაწყვიტა. ნიჭიერ ახალგაზრდა მწვრთნელს მადლობას ვუხდით გაწეული შრომისთვის და მომავალში წარმატებას ვუსურვებთ. ვინ შეცვლის დავით ქოქიაშვილს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“ – წერია „სიონის“ განცხადებაში.

„სიონში“ დავით ქოქიაშვილი წლის დასაწყისში, 11 თებერვალს წარადგინეს. 37 წლის სპეციალისტი ახლო წარსულში პერსპექტიული ფეხბურთელი იყო, რომელსაც საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებსა და მოსკოვის „სპარტაკის“ დუბლშემადგენლობაში უთამაშია.

სამწვრთნელო სფეროში ქოქიაშვილი გულშემატკივრებს საგარეჯოს „გარეჯი 1960“-ში მუშაობით დაამახსოვრდათ. მისი ხელმძღვანელობით 2019 წელს, მეოთხე ლიგის კლუბი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში გავიდა.