დავით ქმოსტელის მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები დღეს ვერდიქტს გამოიტანენ
დავით ქმოსტელის მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები დღეს ვერდიქტს გამოიტანენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ქმოსტელის მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს გამოიტანენ.

დღევანდელ პროცესზე მხარეები დასკვნითი სიტყვებით წარდგნენ. ამის შემდეგ, ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გავლენ.

მათ პირველ ოთხ საათში ერთხმად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. თუ ეს ოთხ საათში არ მოხდა, მათ შემდეგი რვა საათი ეძლევათ იმისთვის, რომ 8/4-ზე მიიღონ გადაწყვეტილება. თუკი, შემდეგ რვა საათშიც ვერ მოხდა ვერდიქტის გამოტანა ამ თანაფარდობით, მათ კიდევ სამი საათი ეძლევათ კვლავ 8/4-ზე ვერდიქტის გამოსატანად. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ მიიღეს ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება, მოსამართლე მათ გონივრულ ვადას აძლევს. ამ ვადაშიც თუ ვერ მოხდა ვერდიქტის გამოტანა, მოსამართლე მათ დაითხოვს და თავიდან მოხდება ნაფიც მსაჯულთა შერჩევა.

დავით ქმოსტელი, იგივე „ძივითა“ თბილისში, ნაძალადევის რაიონ­ში, ოთხ თებერვალს მოკლეს. ის მკვლელობის დღეს ნათესავთან იმყოფებოდა. მკვლელობიდან მეორე დღეს სამართალდამცვლებმა ლევან ყანდორელაშვილი და გიგა ჭალელიშვილი დააკავეს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. გამოძიების ვერსიით, ლევან ყანდორელაშვილსა და დავით ქმოსტელს უთანხმოება ჰქონდათ და მკვლელობაც შურისძიების ნიადაგზე მოხდა.

ბრალდებულების ადვოკატი, სულხან კომახიძე კი აცხადებს, რომ ლევან ყანდორელაშვილს განყოფილებაში ნარკოტიკი მოახმარეს. „საქმეში ერთადერთი ვიდეოფირი აქვთ, სადაც ბრალდებულს ეკითხებიან, ქმოსტელი რატომ მოკლესო და ის პასუხობს, ალბათ, მოსაკლავი იყოო“, – აცხადებს ადვოკატი სულხან კომახიძე.