დავით ქირიამ „ვან ჩემფიონშიფთან“ (ONE Championship) გააფორმა კონტრაქტი
დავით ქირიამ „ვან ჩემფიონშიფთან“ (ONE Championship) გააფორმა კონტრაქტი

კიკბოქსინგის ორგანიზაცია „გლორის“ (Glory) მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა დავით ქირიამ კონტრაქტი პრესტიჟულ ორგანიზაცია „ვან ჩემფიონშიფთან“ (ONE Championship) გააფორმა.

აღნიშნული ინფორმაცია ქირიას მენეჯმენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„დავით ქირია კიდევ ერთი ელიტარული დონის კიკბოქსიორია, რომელიც ჩვენს ორგანიზაციას შეუერთდა. მსუბუქ წონაში (70 კგ.) „გლორის“ პირველი ტურნირის გამარჯვებული ყოფილ მეტოქეებს – ჯორჯო პეტროსიანს და სიტიჩაი სისონგპენონგს შეიძლება შეხვდეს“, – წერია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.

სიახლეს თავად დავით ქირია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა – „მეგობრებო, მინდა გაგიზიაროთ ჩემი ახალი მიზანი, რომელიც მაქვს დასახული.
ONE Championship-თან გავაფორმე გრძელვადიანი კონტრაქტი და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემს ქვეყანაში ჩამოვიტანო კიდევ ერთი უძლიერესი ორგანიზაციის ქამარი! ვიშრომებ ბევრად მეტს, ვიდრე მანამდე მიშრომია, რათა ღირსეულად ავაფრიალო ქართული დროშა მსოფლიო ასპარეზზე“. 


შეგახსენებთ, რომ ქართველმა „გლორის“ ჩემპიონის ტიტული ენდი რისტის დამარცხების შემდეგ მოიპოვა, მაგრამ დათმო შეხვედრები პეტროსიანთან და სიტიჩაისთან.

შარშან, ქირიამ ჩინურ ორგანიზაცია „კუნლუნის“ (Kunlun) ღონისძიებაზე სამი მეტოქე დაამარცხა და 70 კგ. წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდა.

კორონავირუსის პანდემიის შედეგად, „ვან ჩემფიონშიფს“ ღონისძიება თებერვლის შემდეგ აღარ გაუმართავს, მაგრამ ორგანიზაციამ ამ პერიოდში არაერთი პოპულარული კიკბოქსიორი დაიმატა. „ვან ჩემფიონშიფს“ მსუბუქი წონის ჩემპიონი არ ჰყავს და შეიძლება ითქვას, რომ ქირია, სიტიჩაი და სუპერბონი ტიტულის მთავარი პრეტენდენტები იქნებიან.