დავით მუჯირი - ზუგდიდის „დინამოს“ და თბილისის „შევარდენის“ საეჭვო თამაშები უეფა-მ სხვადსხვა ტურში დააფიქსირა #1TVSPORT
დავით მუჯირი - ზუგდიდის „დინამოს“ და თბილისის „შევარდენის“ საეჭვო თამაშები უეფა-მ სხვადსხვა ტურში დააფიქსირა #1TVSPORT

ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა კომენტარი გააკეთა ზუგდიდის „დინამოსა“ და თბილისის „შევარდენის“ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებიდან მოხსნისა და დაბალ ლიგაში დაქვეითების შესახებ:

„უეფა-ს მიერ თაღლითური ფსონების ამოცნობის რაპორტები სხვადასხვა ტურშია დაფიქსირებული – გადაწყვეტილება სწორედ ამ ანგარიშებზე იყო დაფუძნებული. შსს-თან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ინფორმაციას შსს-ს მივაწვდით. უნდა აღვნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ჩვენს, ფეხბურთის ფედერაციის იურიდიულ ორგანოებს და იმ იურიდიულ ორგანოებს, რომელთაც საფეხბურთო სასჯელის გამოტანა შეუძლაით, გადაწყვეტილება უკვე მიიღეს“, – განაცხდა დავით მუჯირმა.

ზუგდიდის „დინამო“ და თბილისის „შევარდენი“ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებიდან მოხსნეს და დაბალ ლიგაში დააქვეითეს, ორივე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს კი სხვადასხვა ვადით თამაში აუკრძალეს.

ეს უპრეცედენტოდ მკაცრი სასჯელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა გამოიტანა – ფეხბურთის ფედერაციის გავრცელებულ ცნობაში მითითებულია, რომ ამ გუნდების საკითხი უეფა-დან გარიგებულ თამაშებთან დაკავშირებით მიღებული რეპორტის საფუძველზე განიხილეს.

უეფა-ს თაღლითური ფსონების ამოცნობის ანგარიშის გარდა, სადისციპლინო კომიტეტი გაეცნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს, სფფ-ის სპორტული სამართლიანობის სამსახურის მენეჯერის შედგენილ მოხსენებით ბარათსა და მატჩების საეჭვო ეპიზოდების ვიდეოჩანაწერს.