დავით მუჯირი ტესტირებაზე - კორონავირუსი არავის არ დაუდასტურდა
დავით მუჯირი ტესტირებაზე - კორონავირუსი არავის არ დაუდასტურდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი მედიას შეხვდა და ეროვნული ლიგის გუნდების ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და პერსონალის ტესტირებაზე კომენტარი გააკეთა.

„პირველიდან შვიდ ივნისამდე ტარდებოდა პირველადი ტესტირება და საბედნიეროდ არც ერთ ფეხბურთელს, მწვრთნელს და გუნდის პერსონალს არ დაუდასტურდა კორონავირუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდები გადავლენ ორ კვირიან შეკრებაზე და ჩაატარებენ ორმხრივ თამაშებს, თუმცა ამხანაგური თამაშის ჩასატარებლად საჭიროა საგანგებო ნებართვა,“ – აცხადებს დავით მუჯირი.

შეგახსენებთ, რომ მატჩების განახლებამდე მოთამაშეები ტესტირებას ხელმეორედ გაივლიან.

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“ შეცვლილი ფორმატით 25 ივნისს განახლდება, რაც გულისხმობს ჩემპიონატის ოთხი წრის ნაცვლად, ორ წრედ ჩატარებას. შესაბამისად, გარდა მარტში გამართული ორი ტურისა, სეზონის განახლების შემდეგ, ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბები 16 ტურს ითამაშებენ. საწყის ეტაპზე მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება.