დავით მუჯირი - ნაკრებში დროებითი მწვრთნელის დანიშვნაც არ არის გამორიცხული
დავით მუჯირი - ნაკრებში დროებითი მწვრთნელის დანიშვნაც არ არის გამორიცხული

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის შერჩევასთან დაკავშირებულ სირთულეებზე ილაპარაკა.

„ოფიციალურ მატჩებამდე ორი თვეა დარჩენილი, მაგრამ, ასევე ორი თვე გავიდა, რაც მთავარი მწვრთნელი არ გვყავს. ყველაზე მეტად ჩვენ ვართ დაინტერესებულები, რომ ახალი მწვრთნელი დავნიშნოთ.

ეპიდმდგომარეობა პროცესსს კიდევ უფრო ართულებს. კანდიდატების გაფართოებული სია გვქონდა, როგორც უცხოელების, ასევე ქართველების. ხელს ისიც გვიშლის, რომ ოფიციალურ მატჩამდე საკონტროლო შეხვედრის გამართვაც ვერ ხერხდება. კანდიდატთა სია შემცირდა. შევეცდებით, ახალი მთავარი მწვრთნელი საზოგადოებას მალე წარვუდგინოთ. ამ საკითხზე 24 საათი ვმუშაობთ და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგრამ იმის გამო, რომ ნაკრებს მწვრთნელი ჰყავდეს, ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ვერიდებით“, – განაცხადა დავით მუჯირმა „ტაიმაუტში“.

შეიძლება მწვრთნელის დანიშვნა ვერ მოესწროს და ეროვნული ნაკრები პირველ მატჩებში დროებით სხვა სპეციალისტმა ჩაიბაროს? ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გადაცემის წამყვანის ამ კითხვასაც უპასუხა.

„დღევანდელი მოცემულობით, ასეთი სცენარიც არ არის გამორიცხული. ახალ ციკლამდე საკონტროლო მატჩის ჩატარება ვერ მოესწრება. მწვრთნელს ამისთვის დრო ევროპის ჩემპიონატამდე ექნება, ამაზე ვმუშაობთ და გვინდა, ერთი ამხანაგური შეხვედრა შინ გავმართოთ და ერთი გასვლაზე, სადაც ის გუნდთან დაახლოებასა და გაცნობას მოახერხებს. მაისის ბოლოდან ივნისის დასაწყისამდე პერიოდს ვგულისხმობ.

პირველი მატჩი შინ გვინდა, რომ სრულფასოვანი შეკრება გამოვიდეს, შესაბამის მოწინააღმდეგესაც ვეძებთ. იდეალურ შემთხვევაში წარმოდგენილი გვაქვს მწვრთნელის ყველა კრიტერიუმი – სანაკრებო გამოცდილება, იცნობს თუ არა ქართულ ფეხბურთს, ვითვალისწინებთ მის ინტერესსა და მოტივაციას, ყველა ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია. სია შევიწროვდა, ზოგიერთმა უარი თქვა. არჩევანი ამ კრიტერიუმებიდან და ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე გაკეთდება“.

დატოვე კომენტარი