დავით მუჯირი - სანიოლის მოთხოვნაა, რომ სამი ქართველი თანაშემწე დაეხმაროს
დავით მუჯირი - სანიოლის მოთხოვნაა, რომ სამი ქართველი თანაშემწე დაეხმაროს

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, ვინი სანიოლის დანიშვნაზე ილაპარაკა და იმედი გამოთქვა, რომ ფრანგი სპეციალისტი წარმატებით იმუშავებს.

„ფეხბურთში წარმატების ფორმულა არ არსებობს, მაგრამ კარგია, რომ დავნიშნეთ მწვრთნელი, რომელიც ბევრ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. სანიოლი უკვე კარგად იცნობს ჩვენს გუნდს და მასთან გასაუბრებამ დაგვარწმუნა, რომ სწორედ ის კანდიდატია, რომელიც იმედს გვაძლევს. სანიოლი ამბიციურია, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და მსოფლიოს ვიცეჩემპიონი. იძულებითი პაუზის შემდეგ წარმატების მიღწევა სურს. ეს გვაფიქრებს, რომ სწორედ ის კანდიდატია, რომელიც დღეს ჩვენს ნაკრებს სჭირდება“, – ამბობს დავით მუჯირი.

ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა იმ მიზეზებზე ზოგადად ილაპარაკა, რის გამოც ოთხი წელი სანიოლი არ მუშაობდა: „ამაზე თავად ილაპარაკებს, თუ სურვილი ექნება. ის ოჯახური პირობების გამო იძულებული გახდა, რომ შეჩერებულიყო. თუმცა, ასაკის მიუხედავად, უკვე სერიოზული სანაკრებო და საკლუბო გამოცდილება აქვს – ავარჯიშებდა საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებს, მუშაობდა ეროვნული ნაკრების ტექნიკურ დირექტორად. ეს დიდი ნდობაა. მერე იძულებითი პაუზა ჰქონდა. ახლა კი შესაბამის შემოთავაზებას ელოდა. ხანგრძლივი მოლაპარაკება გვქონდა. ისე არ იყო, რომ დავურეკეთ და ვუთხარით, ვილი, ნაკრებში გნიშნავთ და ჩამოდიო“.

მუჯირის თქმით, სანიოლი თბილისში მალე გვესტუმრება: „მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებამდე საქართველოს ნაკრები 22 მარტს შეიკრიბება, სრულყოფილი შეკრება ვერ გვექნება. ამიტომ სანიოლს სხვა სახის სამუშაო ექნება ჩასატარებელი. ის კვირის ბოლოს საქართველოში იქნება და 21 თებერვალს საქართველოს სუპერთასის მატჩს დაესწრება. მოლაპარაკებები და დანიშვნა კი იმიტომ გაჭირდა, რომ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, გადაადგილების პრობლემა იყო“.

სფფ-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ სანიოლის საქართველოში ყოფნის ვადები კონტრაქტითაა გათვალისწინებული: „ეს კონტრაქტშია ჩაწერილი და თავადაც სურს, რომ ხშირად ჩამოვიდეს. თუმცა, ჩვენი ნაკრები სპეციფიკურია, რადგან ბევრი ლეგიონერი გვყავს. სხვათა შორის, მან ნაკრების წევრების და კანდიდატების შესწავლა უკვე დაიწყო და გამიკვირდა, როდესაც კონკრეტულ გვარებს უშეცდომოდ ამბობდა. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ყაზაიშვილი კორეის ვიცე-ჩემპიონ გუნდში ჩაირიცხა და წარმატებებს ვუსურვებ“.

მუჯირის თქმით, ფრანგ სპეციალისტს საქართველოს ნაკრებში ქართველი ასისტენტები ეყოლება: „სანიოლს საქართველოში მხოლოდ ერთი ჩამოყვანილი ასისტენტი ეყოლება. მისი სურვილია, რომ მეკარეების მწვრთნელი, ერთი ასისტენტი და ანალიტიკოსი ქართველი იყოს. ის საქართველოში ერთ კვირაში ჩამოვა და მუშაობას შეუდგება“.