დავით მუჯირი - საფრანგეთთან მაყურებელი შექმნის იმ მუხტს, რომელიც გამარჯვებაში დაგვეხმარება | ფუტსალი #1TVSPORT
დავით მუჯირი - საფრანგეთთან მაყურებელი შექმნის იმ მუხტს, რომელიც გამარჯვებაში დაგვეხმარება | ფუტსალი #1TVSPORT

გადაწყვეტილება მიღებულია – 9 აპრილს, ფუტსალში საქართველო-საფრანგეთის მატჩს მაყურებელი დაესწრება. ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა.

„9 აპრილს, საფრანგეთის ნაკრებს ვუმასპინძლებთ. მოგების შემთხვევაში საქართველოს ფუტსალის ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ფუტსალის ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპზე საქართველო – საფრანგეთის მატჩზე დასასწრებად შესაბამისი რეგულაციები იმოქმედებს. თამაშს გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება, რაც დარბაზის საერთო ტევადობის 30 პროცენტს მოიცავს. ქვეყანაში არსებული Covid 19-ის რეგულაციების დასაცავად და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველსაყოფად, გულშემატკივრებს მოვუწოდებთ მატჩის მასპინძელ დარბაზში დროულად მობრძანდნენ“, – წერია ფედერაციის განცხადებაში.

სფფ-ს გენერალური მდივანი დავით მუჯირი აცხადებს, რომ დარბაზში მაყურებლის დაშვება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა:

„ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს. ესპანეთთან ვნახეთ, რამხელა მუხტი იყო, ჩვენს ნაკრებს გულშემატკივარი რომ ქომაგობდა. დარწმუნებული ვარ, დარბაზის ტევადობის 30 პროცენტის დაშვებაც შექმნის იმ მუხტს, რომელიც ჩვენს გუნდს გამარჯვებაში დაეხმარება და ერთად ვიზეიმებთ წარმატებას“.

საქართველო – საფრანგეთის, ბილეთების გაყიდვა 8 აპრილს, 15:00 საათზე დაიწყება. კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში გაიყიდება. ბილეთის ფასი ხუთი ლარია. ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. ხოლო მატჩის დღეს დარბაზის შესასვლელები 16:00 საათიდან გაიღება და მოხდება ყველა გულშემატკივრის თერმოსკრინინგი.

დარბაზის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება. ტრიბუნაზე დაბლოკილი ადგილები აღნიშნულია სტიკერით, სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს მხოლოდ ის ადგილი, სადაც დასაშვებია დაჯდომა. რეგულაციების შესაბამისად, არ იფუნქციონირებს კვების ობიექტები, თუმცა დარბაზის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი იქნება სასმელი წყალი.

საქართველოსა და საფრანგეთის ფუტსალის ნაკრებთა დაპირისპირება თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 9 აპრილს 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.