დავით მუჯირი - პანდემიის მიუხედავად, ფეხბურთის ფედერაციამ 2020 წელს ყველა პროექტი განახორციელა
დავით მუჯირი - პანდემიის მიუხედავად, ფეხბურთის ფედერაციამ 2020 წელს ყველა პროექტი განახორციელა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) საიუბილეო, 30-ე ყრილობაზე კომენტარი სფფ-ს გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გააკეთა.

„სამწუხაროდ, საიუბილეო ყრილობაზე ფიფას (FIFA) და უეფას (UEFA) წარმომადგენლების დასწრება ვერ მოხერხდა. მაგრამ ონლაინ-რეჟიმში მონაწილეობდნენ და ყველა ის პროექტი განვიხილეთ, რომელიც ამ ორგანიზაციების მონაწილეობით და დაფინანსებით ხორციელდება. მნიშვნელოვანია, რომ დაწყებულ და მომავალში განსახორციელებელ პროექტებში ფიფას, უეფას და სახელმწიფოს მხარდაჭერა გვაქვს. ასე მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ის ოთხი ადამიანი დავაჯილდოვეთ, რომელთაც ქართული ფეხბურთის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი – ეს უკვე ტრადიციად იქცა“, – ამბობს დავით მუჯირი.

სფფ-ს გენერალურმა მდივანმა მიმდინარე წლის მნიშვნელობაზე ილაპარაკა: „2020 წელი ქართული ფეხბურთისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და საიუბილეო. იმ სირთულეების მიუხედავად, რომელიც პანდემიის გამო მსოფლიოსა და საქართველოში შეგვექმნა, ჩვენ ყველა ის პროექტი მაინც განვახორციელეთ, რომელიც 2020 წელს ფეხბურთის ფედერაციამ დაგეგმა – პროფესიული, სამოყვარულო და ქალთა ლიგები, ასევე სოციალური პროექტები, ხორციელდება“.

მუჯირი სანაკრებო თემასაც შეეხო და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის ნახევარფინალში წარმატება უსურვა:

„ოქტომბერში დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი გვიდგას და იმედია, ეს შემოდგომა წარმატებული იქნება. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს, რადგან გვინდა, რომ ქართული სპორტისა და ფეხბურთის გულშემატკივარმა გაიხაროს“.