დავით მუჯირი - ლიგა 2-თან ერთად, 2020 წელს დაგეგმილი ყველა პროექტის განახლება გვსურს
დავით მუჯირი - ლიგა 2-თან ერთად, 2020 წელს დაგეგმილი ყველა პროექტის განახლება გვსურს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ ეროვნული ლიგა 2-ის 2020 წლის სეზონი 13 ივლისიდან მე-3 ტურის მატჩებით განახლდება.

პირველ შეხვედრაში ერთმანეთს გათამაშების ლიდერი ქობულეთის „შუქურა“ და ზუგდიდის „დინამო“ დაუპირისპირდებიან. იგეგმება მატჩის პირდაპირი რეპორტაჟიც.

სფფ-ს ცნობით, ლიგა 3 მეორე ტურის მატჩებით 27 ივლისიდან გაგრძელდება. ლიგა 4, რეგიონული ლიგა და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშება კი, აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყება.

„ეს გადაწყვეტილება კლუბებთან კომუნიკაციის შემდეგ მივიღეთ. ლიგა 2, ეროვნული ლიგის მსგავსად, მე-3 ტურიდან გაგრძელდება. ფუტსალის ლიგისა და ქალთა ლიგის შესახებ კომუნიკაცია შესაბამის ფედერაციებთან გვაქვს. ​ჩვენი მიზანია, რომ 2020 წელს დაგეგმილი ყველა პროექტი განვაახლოთ,როგორც პროფესიული, ასევე მასობრივი ფეხბურთის მიმართულებით. ყველა ლიგაში მოხდება ფორმატის ცვლილება. ეროვნული ლიგა 2 და ლიგა 3 ოთხი წრის მაგივრად ორ წრედ გაიმართება, ლიგა 4-ში კი, განახლებული ფორმატი გვექნება. ამ ყველაფრის შესახებ, რა თქმა უნდა, კლუბები ინფორმირებული იქნებიან. ასევე რეგიონულ ფედერაციებს მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ფორმატით დაიწყება რეგიონული ლიგა“, – ამბობს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი.