დავით მუჯირი – იმედია, ახალი ევროსეზონი ქართული კლუბებისთვის უფრო წარმატებული იქნება #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა იმ თემებზე ისაუბრა, რომელიც ეროვნული ლიგის კლუბებთან შეხვედრაზე განიხილეს.
„ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად გიორგი კალანდაძე დაინიშნა. სფფ-ის მენეჯმენტი მასთან და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელებთან ერთად კლუბების ხელმძღვანელებს შევხვდით და საკლუბო ფეხბურთის განვითარების პერსპექტივა განვიხილეთ.
მნიშვნელოვანია, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს ფონდი იმ გამოწვევების ფონზე, რაც ქართული კლუბების წინაშე დგას. რა თქმა უნდა, ჩვენი ყველა ნაბიჯი მიმართულია ქართული საკლუბო ფეხბურთის დონის გასაზარდელად, რომ შემდეგ ევროტურნირებზე უკეთესად გამოვიდნენ. იმედია, 2025 წლიდან ასეც მოხდება და ეს ევროსეზონი ქართული კლუბებისთვის უფრო წარმატებული იქნება.
გასული წელი ქართული ფეხბურთისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამოდგა – საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. მანამდე ჩვენი 21-წლამდელები ახალგაზრდულ ევრო 2023-ზე გამოვიდნენ და იმავე ტურნირზე გამოსვლის უფლება წელსაც მოიპოვეს.
ფეხბურთის ფედერაცია, შესაძლებლობის ფარგლებში, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან და სპორტის სამინისტროსთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რომ საკლუბო ფეხბურთი უკეთესი და უფრო წარმატებული იყოს“.