დავით მუჯირი - ფეხბურთის ფედერაცია ქართული კლუბების სოლიდარობის აქციას სრულად უჭერს მხარს
დავით მუჯირი - ფეხბურთის ფედერაცია ქართული კლუბების სოლიდარობის აქციას სრულად უჭერს მხარს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი ქართულ კლუბებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
 
„დღევანდელი მდგომარეობით, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მონაწილე არცერთ გუნდს სანქცია არ ემუქრება. არც უეფადან და არც ფიფადან ჩვენთან შესაბამისი განცხადება არ შემოსულა. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სოლიდარობის აქცია, რომელშიც გასული კვირის განმავლობაში ქართული კლუბები მონაწილეობდნენ, ჩვენი მხრიდან სრულად მხარდაჭერილია“ – განაცხადა დავით მუჯირმა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაზე გუნდები მოედანზე სპეციალურად დამზადებული მაისურებით გამოვიდნენ, სადაც ეწერა – „გვახსოვს, რომ საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია“.
ამის შესახებ ყველა რუსულმა გამოცემამ დაწერა და ღიად თქვეს, რომ „ტორპედოს“ უეფაში უჩივლებდნენ და გუნდის ევროპა ლიგიდან მოხსნას მოითხოვდნენ. მომხდარი იმდენად რეზონანსული გახდა, რომ ქართული გუნდების ანტისაოკუპაციო აქციაზე რუსების რეაქციას უეფა საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.
„იმის გათვალისწინებით, რომ ეს ფაქტი შიდა ტურნირზე მოხდა, ნებისმიერი შესაძლო სადისციპლინო ღონისძიება, რაც შეიძლება ასეთ იქნას გამოყენებული, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისი ორგანოების იურისდიქციაში ექცევა. უეფა სადისციპილინო ზომებს გამოიყენებს მხოლოდ იმ ინციდენტებთან მიმართებაში, რომლებიც უეფას ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე მოხდება“ – წერია უეფას ოფიციალურ განცხადებაში.